დაახლოებით 3 კვირაში ეკონომიკის სამინისტრო მთავრობას „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ გადამუშავებულ კანონპროექტს წარუდგენს. აღნიშნული კანონის მიღებას უკვე რამდენიმე წელია ელის სადაზღვევო სექტორი. კანონპროექტის პირვანდელი ვერსია პარლამენტში ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს დარეგისტრირდა, თუმცა მთელი ამ წლების განმავლობაში დოკუმენტი განხილვების ეტაპზე არ გადასულა. რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთავრობას და პარლამენტს კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიას წარუდგენენ. კანონპროექტში არსებული ჩანაწერის მიხედვით, მოქალაქეებს ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო წესით 2024 წლიდან მოუწევთ, სავარაუდოდ მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში წლიური პრემიის მოცულობა 150-დან 200 ლარის ფარგლებში იქნება, თუმცა დაზუსტებით ამაზე საუბარი მას შემდეგ იქნება, რაც მთავრობა დოკუმენტს მოიწონებს და პარლამენტს გადაუგზავნის. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის პროგნოზით, სავალდებულო დაზღვევის პაკეტის ამოქმედების შემდეგ 900 მილიონიანი ბაზარი 30%-ით გაიზრდება. რა ლიმიტის ფარგლებში დაფარავს ზარალს ინდუსტრია, როგორ მოხდება პრემიებისა და ზარალების გადანაწილება და რამდენად გაიზიარა ინდუსტრიის მოსაზრებები ეკონომიკის სამინისტრომ?
სტუმარი: მიხეილ ჯაფარიძე - "არდის" აღმასრულებელი დირექტორი