Home
Category
TV Live Menu

მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების არჩევა შეეძლებათ

576a45e225f3f
დავით ჯალაღონია
22.06.16 12:00
1008
ენერგეტიკულ თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების არჩევა შეეძლებათ.
როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებით საქართველო ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულებას აიღებს, რაც ბაზრებს უფრო მოქნილსა და მიმზიდველს გახდის, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ინვესტორისათვის.

"ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმა შეეხება ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ბაზრებს. საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციისათვის საჭიროა ერთმანეთისგან კანონმდებლობით გაიმიჯნოს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მფლობელობა და ელექტროენერგიის გენერაცია. საცალო ბაზრის ლიბერალიზაცია გულისხმობს ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მფლობელობის გამიჯვნას ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობისაგან. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელი დარჩება იმ კომპანიების მფლობელობაში, ვინც დღეს მათ ფლობენ (სს „თელასი“, სს „ენერგოპრო ჯორჯია“, სს „კახეთის ენერგო დისტრიბუცია“), თუმცა ქსელზე დაშვება თავისუფალი იქნება ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობას განახორციელებს. ე.ი. მომხმარებლები ელექტროენერგიას მიიღებენ იგივე ინფრასტრუქტურის მეშვეობით რომლითაც დღეს იღებენ, თუმცა ამ მომსახურებისთვის ისინი საფასურს სხვა კომპანიებს გადაუხდიან და თუ რომელს, ამას თავად აირჩევენ", – განმარტავს სემეკის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი მარიამ იოსელიანი.

მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ელექტროენერგია შეუფერხებლად მიიღონ, ქსელის მფლობელმა კომპანიებმა სხვა კომპანიების მიერ მათი ქსელის გამოყენებაზე შეზღუდვა არ უნდა დააწესონ.

"მომხმარებელს, რომელსაც სურს მიიღოს ელექტროენერგია, შესაძლებლობა ექნება ვებ გვერდის მეშვეობით გაეცნოს კომპანიათა შეთავაზებას და ელექტროენერგიის მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმოს იმ კომპანიასთან, რომელიც მისთვის სასურველ პირობებსა და მომსახურებას სთავაზობს. ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაციაც გულისხმობს ბაზარზე კონკურენციის არსებობას, რომლის პირობებშიც, ელექტროენერგეტიკული ბაზრის მსგავსად, მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს კომპანია, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, როგორც ბუნებრივი გაზის წნევასთან, კალორიულობასთან, ასევე ტარიფთან და მომსახურების ხარისხთან მიმართებაში“, - აღნიშნავს მარიამ იოსელიანი.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებაზე საბოლოო თანხმობას საქართველო მიმდინარე წლის ოქტომბერში ელოდება, როცა ამ საკითხზე მინისტერიალი გაიმართება.

Subscribe to our news

Get the main news of the day