Home
Category
TV Live Menu

მოსამართლე: ბიზნესს სასამართლოს მიმართ ობიექტური შენიშვნები და პრეტენზიები ჰქონდა

598443c17b0f4
BM.GE
04.08.17 13:50
879
1 აგვისტოდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში 500,000 ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია ამოქმედდა. უკვე ცნობილია იმ ოთხი მოსამართლის ვინაობა, რომლებიც მსგავს დავებს განიხილავენ. ესენია: თამარ ბურჯანაძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი და სოსო ღურწკაია.

თამარ ბურჯანაძე "საქმიან დილასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ოთხივე მოსამართლის საქმიანობის არეალი იქნება ვალდებულებითი კატეგორიის, სანივთო კატეგორიის და სამეწარმეო დავების მიმართლება. მისივე თქმით, ვიწრო სპეციალიზაციით მოსამართლეთა ჯგუფის გამოყოფის მიზანია რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდეს მნიშვნელოვანი დავების განხილვა სასამართლოს მხრიდან.

„საბჭოს მხრიდან დიდი ხანია მიმდინარეობს მზადება აღნიშნული ვიწრო სპეციალიზაციით მოსამართლეთა კოლეგიის შექმნისთვის. ბიზნესსექტორს ობიექტური შენიშვნები და პრეტენზიები ჰქონდა სასამართლოს მიმართ და სწორედ ამ შენიშვნების გათვალისწინებით მოხდა ვიწრო სპეციალიზაციის დამატება. რაიმე განსაკუთრებული კრიტერიუმი ჩვენი შერჩევისას არ ყოფილა, რაც შეეხება სპეციფიკურ ვალდებულებებს, არც ასეთი ყოფილა, ერთადერთი ვალდებულება რაც გვაკისრია, ცხადია ობიექტურობასთან ერთად, არის ის რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ დროში მოხდეს კომერციული დავები განხილვა და დაგადაწყვეტილებების გამოტანა“. ამბობს ბურჯანაძე. მისივე თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სტატისტიკურად ყოველწლიურად დაახლოებით 300-მდე ისეთი კატეგორიის კომერციული საქმე შედის, რომელთა ღირებულებაც 5000 000 ლარს აღემატება.

მოსამართლე ლევან მიქაბერძე ამბობს, რომ აღნიშნული მიმართულებით მოსამართლეთა გამოყოფა და შემდგომ მათი გადამზადებაც ემსახურება საერთაშორისო სტანდარტებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილებას.

„ის საკითხი, რომ მოსამართლეებს რაიმე კატეგორიის დავის დაძლევა ასე რომ ვთქვათ არ შეუძლიათ, ცხადია არასწორი შეფასებაა და ამ მიმართლებით მოსამართლეთა კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენებაც არ არის სწორი გადაწყვეტილება, თუმცა რასაკვირველია სამოქალაქო ბრუნვასთან ერთად ჩვენც გვესაჭიროება განვითარება და გამოწვევებთან გამკლავება, ამიტომ გადამზადება ამისთვისაა საჭირო.

საქალაქო სასამართლოში უკვე შენდება ახალი შენობა, რომელიც ინფრასტრუქტურული რესურსის თვალსაზრისით არსებულ პრობლემას გადაჭრის და დღეისათვის თუ ორ მოსამართლეზე ერთი დარბაზი მოდის, უახლოეს მომავალში ეს პრობლემაც მოგვარდება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ თვეში დასრულებული საქმეების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა შემოსული საქმეების რაოდენობას, ანუ ეს რასაკვირველია პოზიტიური დინამიკაა და დადებით ტენდენციებზე მიუთითებს“, - ამბობს ლევან მიქაბერიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day