Home
Category
TV Live Menu

"მოსახლეობა მზად არის ჯანდაცვაში გარკვეული თანხა გადაიხადოს, რასაც მთავრობა უკვე მესამე წელია არ იყენებს"

5746924960195
BM.GE
26.05.16 10:04
1101
ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ჯანდაცვის თემაზე ფართო კვლევა წარმოადგინა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. კვლევის შედეგებზე "ბიზნესკონტაქტთან" აღნიშნული ორგანიზაციის ანალიტიკოსი მიხეილ კუკავა საუბრობს.

- კვლევის ძირითად ტენდენციებზე და მთავარ მიგნებებზე რას გვეტყოდით?

- კვლევის უმთავრესი მიგნება არის ის, რომ მოსახლეობის 56 % მზად არის სახელმწიფოსთან ერთად საკუთარი ჯანდაცვის ხარჯები გაინაწილოს და თავის ჯანდაცვაში თვეში 1-დან 30 ლარამდე და მეტიც გადაიხადოს. ეს არის უმთავრესი მიგნება, რასაც სხვა კითხვებზე პასუხებიც ადასტურებს. მაგალითად, მოსახლეობის 61 % ფიქრობს, რომ მათ, ვისაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვს უფრო მეტი უნდა გადაიხადონ დაზღვევაში, ვიდრე იმ ადამიანებმა, ვისაც შემოსავალი ნაკლები აქვს. ეს უმნიშვნელოვანესი მიგნებებია, რაც მთავრობას საშუალებას აძლევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ისეთი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით ჩაანაცვლოს, რომლის ფარგლებშიც შემოსავლების მიხედვით, დაზღვეულების დიფერენცირება მოხდება და ეს გამოთავისუფლებული რესურსი იმ ადამიანების ჯანდაცვისკენ მიემართება, ვისაც ეს სერვისები ყველაზე მეტად ჭირდება.

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ საყოველთაო პრინციპი მიზნობრივი პრინციპით უნდა ჩანაცვლდეს და თქვენი კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობა ამისთვის მზად იქნება?

- მოსახლეობა ნამდვილად მზად არის და ამას ჩვენი კვლევა აჩვენებს. ძალიან საინტერესოა, რომ წინა 2013-2015 წლების კვლევებთან შედარებით 10%-ით იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მზად არის სახელმწიფოსთან ერთად ფინანსური პასუხისმგებლობა გაინაწილოს.

- როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამის მიზეზი?

- ჩვენი კვლევები თავიდანვე აჩვენებდა, რომ მოსახლეობა უბრალოდ არა ამ რაოდენობით, მაგრამ თავიდანვე მზად იყო იმისთვის, რომ საკუთარ ჯანდაცვაში რაღაც გარკვეული თანხა გადაეხადა, რასაც მთავრობა უკვე მესამე წელია არ იყენებს. ჩვენ ეს მთავრობას მაშინვე ვუთხარით, როგორც კი დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. მიზეზი ამისა არის ის, რომ გეგმიური ამბულატორიაში ადამიანი იმ მომსახურებას ვერ იღებს, რასაც ვთქვათ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში იღებს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არ მონაწილეობს.

- რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ საზოგადება მზად არის სახელმწიფოსთან ერთად გადაუხადოს, იმიტომ, რომ მოსახლეობა ამას დღესაც აკეთებს?

- რასაკვირველია ამას მოსახლეობა დღესაც აკეთებს. დაახლოებით ნახევარი მილიონზე მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც კორპორატიული და კერძო დაზღვევა აქვთ და ასევე აქ შედის სახელმწიფოს მიერ დაზღვეული საჯარო მოხელეები. თუმცა, ეს სრულიად არასაკმარისია მაშინ, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვა საქართველოს ყველა მოქალაქეზე ვრცელდება მიუხედავად იმისა მას დაზღვევა აქვს თუ არა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან არარაციონალური და არა ეფექტურია.

- თქვენი რეკომენდაცია რა არის, რომ სახელმწიფომ გააფართოვოს თავისი პროგრამები, თუ მოქალაქეები უფრო მეტად ჩართოს ჯიბიდან გადახდის კუთხით?

- რასაკვირველია, უფრო მეტად ჩართოს ის მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავლები ამის საშუალებას აძლევს და ეს რესურსი იმ ადამიანებისკენ მიმართოს, ვისაც თუნდაც 20%-30%-იანი, ან 10 %-იანი თანაგადახდები, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა ითვალისწინებს, მას უფრო მეტად დაუფინანსოს, ვისაც უფრო მეტად ჭირდება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება ჩვენი კვლევისა არის ის, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ანტიბიოტიკებით და ანტიდეპრესანტებით თვითმკურნალობას მიმართავს.

ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ დამძიმება შეგნებულად ხდება ჯანმრთელობის იმ მდგომარეობისა, რომელიც აღიწერება მონაწილე სამედიცინო დაწესებულების მიერ. დიაგნოზის უფრო დამძიმება ძალიან სერიოზული პრობლემაა, რაც სხვათა შორის ერთ-ერთი მიზეზი გახდა “გლობალ ალიანსთან“ დაწყებული ურთიერთობის, როდესაც ხარჯების შეკავებაზე მთავრობა სერიოზულად დაფიქრდა. როდესაც ექიმები პაციენტებს მეტ წამალს უწერენ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ეს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, მათ შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ამერიკაშიც ხდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day