მოსწავლეები ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას ვებ-პლატფორმით www.abiturienti.ge შეძლებენ - პროექტი გულისხმობს აბიტურიენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერნეტ - სასწავლო კურსების შექმნას, რაც მათ საშუალებას მისცემს მოემზადონ ეროვნული და სასკოლო -CAT გამოცდებისათვის ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით.
ინტერნეტ სასწავლო კურსები შეიქმნება სამ საგანში: მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა და ზოგადი უნარები. იდეის ერთ-ერთი ავტორი ალექსანდრე ტუღუში "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ვებ-გვერდი სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს, თუმცა მისი სრულყოფილად დატვირთვა ოქტომბერში იგეგმება. მისივე თქმით, შეიცვლება კონტენტი და ვებ-გვერდს ვიდეო-გაკვეთილები დაემატება.
პროექტ abiturienti.ge-ის ერთ-ერთი უპირატესობა მისი ხელმისაწვდომობაა. როგორც ალექსანდრე ტუღუში ამბობს, თითოეული საგანის ღირებულება 80-100 ლარია. გაკვეთილის სტრუქტურა მოიცავს ვიდეო-გაკვეთილებს, თეორიულ მასალას, ტესტებს, საშინაო დავალებებს. თითოეული საგანი შედგება 80-120 გაკვეთილისგან, ხოლო გაკვეთილის ხანგრძლივობა 30-45 წუთია.
პროექტი საპარტნიორო ფონდის "სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში 62 000 ლარით დაფინანსდა. ჯამური ინვესტიცია კი 69 ათას ლარს შეადგენს.