"მოხარულები ვართ, რომ Henkel-მა რეგიონული წარმოებისთვის საქართველო აირჩია"
BM.GE
14.09.16 14:11
• 989
კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის ძალიან მიმზიდველი პირობებია, - ასე შეაფასა რეგიონული მნიშვნელობის „ჰენკელის“ ქარხნის გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც დღეს ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის მეთაურმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელზეც საქართველოში გერმანული ბიზნესისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის მიმართულებით, განსაკუთრებული ძალისხმევის მიმართვაზე ისაუბრეს.
„ეს იქნება კიდევ ერთი პროდუქტი - Made in Georgia, რომელიც გერმანიის და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ნათელი მაგალითი იქნება. ორი წლის წინ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შევხვდით Henkel-ის ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლებს და მაშინ იყო საუბარი ამ პროექტის დაწყებაზე საქართველოში. ჩვენ გვაქვს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის ძალიან ამბიციური გეგმები. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სამშენებლო სექტორის განვითარება და ვფიქრობ, ამ ქარხნის გახსნა დროში ზუსტად ემთხვევა იმ ათვლის წერტილს, როდესაც ჩვენ ვიწყებთ განსაკუთრებული სისწრაფით წინსვლას ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახადა, განსაკუთრებით კი ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორ გიორგი პერტაიას.
„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ეს კომპანია არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ძალიან მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოში ცნობილმა ბრენდმა, Henkel-მა, რეგიონული წარმოებისთვის საქართველო აირჩია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ქარხანა, როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ, ბევრ ადამიანს დაასაქმებს და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა და ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტექნიკური მიმართულებით განათლების კუთხითაც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
Henkel-ის ქარხანა, Ceresit-ის ბრენდით, აწარმოებს 40-ზე მეტ ცემენტზე დაფუძნებულ პროდუქტს კრამიტის სახურავისთვის, ჰიდროიზოლაციისთვის, იატაკის დაგებისთვის და გარე თერმოიზოლაციისთვის, რომელიც გათვლილია, როგორც საქართველოს, ისე - სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზარზე.