თბილისის მერისა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. მერის ინიციატივით მომზადებული ცვლილებები "შრომის უსაფრთხოების შესახებ" ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს დაემატება. როგორ თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, ცვლილებები უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
"პირველივე დარღვევაზე ჯარიმა იქნება 30 ათასი ლარის ოდენობით. იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მიმდინარეობდა მშენებლობა და დარღვევების გამო ჰქონდათ შეჩერებული მშენებლობა, და მიუხედავად შეჩერებისა, ინვესტორი, კონკრეტული კომპანია აგრძელებს მუშაობას, ის დაჯარიმდება 50 ათასი ლარით. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ უკანონო მშენებლობებზეც, თუ ტერიტორია, მიწა არის სახელმწიფოს საკუთრება, მუნიციპალიტეტის საკუთრება და მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, ჯარიმა იქნება 25 ათასი ლარი. კერძო საკუთრებაზე -20 ათასი ლარი. ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც გვაქვს მშენებლობებზე, ის, რომ მაგალითად, ჩაფხუტების გარეშე მუშაობენ, მაგალითად, ის, რომ როდესაც მიდის ფასადის მოპირკეთება, ყოველგვარი დამცავის, დაბმის გარეშე მუშაობენ, აქ მთავარი არის ის, რომ თავად მშენებლის ინტერესში უნდა იყოს ის, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები მუშაობდნენ უსაფრთხოდ. მე მგონია, რომ ეს ჯარიმები მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. არსებობს, ასევე, მენტალური პრობლემა, რაც იკვეთება სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების თვალსაზრისით და ესეც გადასაწყვეტი გვექნება", - განაცხადა კახა კალაძემ.