მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა საქართველოში ვიზიტის დროს ქვეყნის მთავრობის მიერ მდგრადი ეკონომიკური ზრდის და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით მიღწეული წარმატებები მოიწონა.
ბატონი მიულერი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ბატონმა მიულერმა მათ მსოფლიო ბანკის მზადყოფნა აღუთქვა მხარი დაუჭიროს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს ეკონომიკური ზრდისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის კუთხით.
„საქართველოს ოთხპუნქტიანი გეგმის თანმიმდევრული განხორციელების შედეგად, რომელშიც დიდი ყურადღება ეთმობა განათლებას, მმართველობას, ბიზნესგარემოსა და ინფრასტრუქტურას, შესაძლებელია დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა და თითოეული ქართველისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენა. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ძალზედ ძლიერია და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ აღნიშნულ სფეროებში პროგრამების განხორციელებას“, - აღნიშნა სირილ მიულერმა.
შეხვედრების დროს ბატონმა მიულერმა ხაზი გაუსვა ზრდის შემაფერხებელ კრიტიკულ საკითხებზე ყურადღების გამახვილების აუცილებლობას, შესაძლებლობების შექმნის გზით, რომლებიც გამიზნული იქნება საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი უღარიბესი და ყველაზე მოწყვლადი ფენების ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის.
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, კობა გვენეტაძესთან განიხილა საფინანსო და საბანკო სექტორში მიმდინარე მოვლენები და სავალუტო პოლიტიკა. ასევე, მსოფლიო ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები.
ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შეხვდა დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყანასთან მსოფლიო ბანკის თანამშრომლობას და დღემდე მიღწეული პროგრესი დაამოწმა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მსოფლიოს ათი რეფორმატორი ქვეყნის სიაში ვხედავ ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების კუთხით. „ბიზნესის წარმოების ხარჯების“ ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველომ 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილი დაიკავა“.