დოლარი გლობალური ვალუტების ძირითადი კალათის მიმართ14 თვის ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა, მას შემდეგ, რაც ეკონომიკურმა მონაცემებმა ნავარაუდევზე პატარა მონაცემები აჩვენა. ამან ბუნებრივია, შეამცირა ინვესტორთა მოლოდინი, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი მონეტარულ პოლიტიკას წელს მესამედაც გაამკაცრებს. ამერიკას ეკონომიკური ზრდა სჭირდება - ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მეორე კვარტალში 2.6%-ით გაიზარდა, რაც ეკონომიკური ანალიზის ბიუროს ვარაუდებს ემთხვევა, თუმცა პროგნოზს ჩამორჩება პირველი კვარტლის მონაცემები, რომელიც 1.2%-ზე დარედაქტირდა.
ნეგატიური ეფექტი იქონია პოლიტიკურმა ორჭოფობამ ვაშინგტონში, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ვერ დაუჭირა მხარი „ობამაქეარის“ ცვლილებას. დოლარის დასუსტებით მეტწილად ევრომ და გირვანქა სტერლინგმა იხეირეს. მიმდინარე თვეში ევრო დოლარის მიმართ 3%-ით გაძვირდა. დღეს, როცა ამერიკის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა გაიხსნება ერთი ევრო დოლარი და 17.5 თეთრი ეღირება, ხოლო გირვანქა სტერლინგის ფასი დოლარსა და 31 ცენტს აჭარბებს.
დოლარის მიმართ გაიზარდა იაპონური იენის ფასიც. ერთი დოლარი 111 იენზე ნაკლები ღირს.
ბიტკოინის ფასიც 222 დოლარზე მეტად გაიზარდა და ახლა ერთი ბიტკოინი 2,784 დოლარი ღირს. ბიტკოინის განახლებული ქსელი აგვისტოს ბოლოს გაივლის აქტივაციას, რაც მაინერებს საკმაო დროს აძლევს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისთვის.
შეგახსენებთ ტექნიკურ ანალიტიკოსთა ვარაუდს, რომ როცა ბიტკოინი 3000 დოლარს გადასცდება, 3691 დოლარამდე მისი ფასი დაუბრკოლებლად ივლის.
თუმცა ბიტკოინის ნაბიჯები არ გაუმეორებია ეთერიუმს. მისი ფასი თითქმის 4%-ით დაეცა და ახლა ერთი ეთერიუმი 192 დოლარი ღირს.