2015 წელს ოსლოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელის მიხედვითაც, 2019 წლიდან ქალაქის ცენტრალურ უბნებში ავტომობილების მოძრაობა იზღუდება. ნორვეგიაში ამ ეტაპზე ინიციატივის განხილვაც მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც 2025 წლიდან ქვეყანაში, შესაძლოა სრულად აიკრძალოს დიზელის ძრავზე მოძრავი ავტომობილების გადაადგილება. ნორვეგია არ არის მსოფლიოში გამონაკლისი, სადაც ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად და ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად ავტომობილებზე უარის თქმას გეგმავენ. Businessinsider სწორედ ასეთი ქალაქების სიას აქვეყნებს.
ოსლო - ნორვეგიის დედაქალაქში 2019 წლიდან 35 მილი საავტომობილო გზის ველობილიკად გადაკეთება იგეგმება. გარდა ამისა, დედაქალაქის მთავრობა აქტიურად მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე.
მადრიდი - ესპანეთის ქალაქი 2020 წლამდე 500 აკრ საავტომობილო გზას გააუქმებს. ამ ეტაპზე ქალაქის ურბანისტები მისი ყველაზე დატვირთული ქუჩების დიზაინის ცვლილებაზე მუშაობენ. აღნიშნული კი ქალაქის მთავრობის გეგმის ნაწილია, რომელმაც ავტომობილების მოხმარება 7%-ით უნდა შეამციროს. მძღოლები, რომლებიც წესებს არ დაემორჩილებიან 100 დოლარით დაჯარიმდებიან.
ჩენგდუ - ჩინეთის ქალაქი, რომლის მოსახლეობაც 80 000 ადამიანია, მანქანების სრულად აკრძალვას არ გეგმავს. ამ ეტაპზე ჩენგდუს მთავრობა ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობაზე მუშაობს, სადაც ავტომობილები აკრძალული იქნება და საიდანაც ქალაქის ცენტრში მოხვედრა ფეხით 15 წუთში იქნება შესაძლებელი.
ჰამბურგი - გერმანიის ქალაქის გეგმაც მისი მაცხოვრებლებისთვის ფეხით გადაადგილების გამარტივებაა. ავტომობილების რაოდენობის შესამცირებლად, ჰამბურგში საფეხმავლო და ველობილიკების განვითარებაა დაგეგმილი. პროექტი სახელწოდებით „მწვანე ქსელი“ ქალაქის სხვადასხვა უბნებს დააკავშირებს ერთმანეთს, - მხოლოდ საავტომობილო გზის გარეშე. 2035 წლისთვის გერმანული ქალაქი აღნიშნული ქსელით მთლიანი ტერიტორიის 40%-ის დაფარვას გეგმავს.
კოპენჰაგენი - ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი დღეს სამსახურში ველოსიპედით დადის. დანიის დედაქალაქი ველობილიკების 200 მილით გაზრდას გეგმავს, შედეგად კი ევროპაში ყველაზე ნაკლები ავტომობილის მფლობელი სწორედ კოპენჰაგენში იქნება. ამისთვის რამდენიმე მაგისტრალის აშენებაა საჭირო, რომელიც ქალაქის გარეუბნებს დააკავშირებს ერთმანეთთან და მის ცენტრთან. მსგავსი 28 მარშრუტი 2014 წელს გაიხსნა, 2018 წლამდე კი კიდევ 11 მათგანის დასრულებაა დაგეგმილი.
პარიზი - საფრანგეთის დედაქალაქში უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 1997 წლამდე გამოშვებული ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება. გარდა ამისა 2020 წლამდე პარიზში ველობილიკების გაორმაგება იგეგმება.
ლონდონი - ინგლისის დედაქალაქში დიზელზე მომუშავე ავტომობილების შეზღუდვა 2020 წლიდან არის დაგეგმილი.
ბრიუსელი - 2018 წლიდან ბრიუსელში 1998 წლამდე გამოშვებული დიზელზე მომუშავე ავტომობილებით გადაადგილება იკრძალება.
მეხიკო - აპრილში მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრში კვირაში ორი დღე ავტომობილების გამოყენება იზღუდება.
ნიუ-იორკი - ნიუ-იორკის იმ ქალაქების სიაშია, რომლებიც ავტომობილების შესამცირებლად ველობილიკების და ფეხით სასიარულო ქუჩების განვითარებაზე მუშაობს. ქალაქის ბევრი პოპულარული ადგილი, მაგალითად Times Square მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვისაა.