რუსეთი იმ ქვეყნების სიას შეუერთდა, სადაც ბენზინი ყველაზე იაფია და Bloomberg-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში მეათე პოზიცია დაიკავა. რუსული ბენზინი ასევე ყველაზე იაფი აღმოჩნდა ევროპაში. სიის სათავეში ვენესუელა მოხვდა, სადაც ბენზინით სავსე ავზი უფრო იაფია, ვიდრე ფინჯანი ყავა.
2016 წლის ბოლო კვარტლის შედეგად რუსეთში ბენზინის ფასმა ლიტრზე $0,62 შეადგინა (38 რუბლი Bloomberg-ის შეფასებით), მაშინ, როდესაც მესამე კვარტალში ლიტრი ბენზინის ფასი $0,59 (37.7 რუბლი) იყო, - საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნავს Bloomberg.
Bloomberg-ის აღნიშნულმა კვლევამ 61 ქვეყანა მოიცვა. ბენზინის ფასთან ერთად ქვეყნები მოსახლეობის ბენზინზე ხელმისაწვდომობის, ასევე წლიური საშუალო ხელფასიდან ბენზინზე გაწეული ხარჯების მიხედვით განაწილდა. ყველა სამივე კრიტერიუმში ვენესუელას ერგო პირველი პოზიცია, სადაც ლიტრი ბენზინის ფასი $0,01-ია.
გავლენიანი ამერიკული სააგენტოს შეფასებით, ბენზინზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის მიხედვით რუსეთი 32-ე ადგილზეა. რუსეთის მოქალაქის საშუალო შემოსავალი ერთი დღის განმავლობაში $26,73-ია, შესაბამისად მოქალაქე ავტომობილის საწვავით გასამართად თავისი დღიური შემოსავლის 2,33%-ს ხარჯავს. საშუალოდ რუსეთის მოქალაქეები წლის განმავლობაში 333,1 ლიტრ ბენზინს ყიდულობენ და საშუალო წლიური ხელფასის 2,13% შეადგენს. ამგვარად, ბენზინზე წლიური დანახარჯების მიხედვით რუსეთი რეიტინგში 51-ე პოზიციაზეა.
ყველაზე იაფი ბენზინის მქონე ქვეყნების სიაში მეორე ადგილი საუდის არაბეთს ერგო, სადაც ერთი ლიტრი საწვავი $ 0.24 ღირს. ბენზინზე ხელმისაწვდომობის მიხედვით, ქვეყანა მესამე ადგილზეა, ხოლო ბენზინზე მოსახლეობა ყოველდღიური შემოსავლის 0,44%-ს (დაახლოებით $ 54.4) ხარჯავს, ამ მიმართულებით საუდის არაბეთი რეიტინგის 27-ე ადგილს იკავებს.
ინფორმაციის თანახმად, მესამე ქვეყანა, სადაც ბენზინი ყველაზე იაფი ღირს (ლიტრზე $0,3) იანია. საწვავზე ხელმისაწვდომობით ქვეყანამ მე-5 პოზიცია აიღო, ხოლო მოსახლეობის ბენზინზე დანახარჯების მიხედვით რეიტინგის 54-ე ადგილზე აღმოჩნდა.
გასული წლის მეოთხე კვარტალში აშშ-ში ლიტრ ბენზინზე საშუალო ფასმა $0,67 შეადგინა და ქვეყანამ სიის მე-12 ადგილი დაიკავა. საწვავზე ხელმისაწვდომობით კი მეორე პოზიცია აიღო. ამერიკელის დღიური საშუალო შემოსავალი $156,54-ია და იგი ამ თანხის 0,43%-ს ხარჯავს ავტომობილის საწვავით უზრუნველსაყოფად. ბენზინზე გაწეული ხარჯების მიხედვით კი ამერიკის შეერთებული შტატები რეიტინგის 47-ე ადგილზეა (წლიური შემოსავლის 1.86%).
ბენზინზე ყველაზე მაღალი ფასები ნორვეგიაში (ლიტრზე $1,78) და ჰონგ-კონგში (ლიტრზე $1,91) დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ბენზინზე ხელმისაწვდომობით სიის ბოლო ორი ადგილი პაკისტანმა (ყოველდღიური შემოსავლის 15.82%) და ინდოეთმა (ყოველდღიური შემოსავლის 22.65%) გაინაწილეს.