მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რაოდენობა 2015 წელს 0,6%-ით გაიზარდა. WealthX-ის ახალი მონაცემებით, მდიდარი ადამიანების ქონება გასულ წელს 0,8%-ით 30 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
CNNMoney წერს, რომ მიუხედავად დადებითი ტრენდისა, მდიდარი ადამიანების ქონება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არ იზრდება. მიზეზი მსოფლიოში ნავთობის ფასებია, რის გამოც მის მწარმოებელ ქვეყნებში, ისეთში როგორიცაა რუსეთი, ნორვეგია და ავსტრალია მდიდარი მოსახლეობის რაოდენობა არ იზრდება.
განვითარებულ ეკონომიკებს შორის მდიდარი მოსახლეობა ყველაზე მეტად ავსტრალიაში შემცირდა. ქვეყანა ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემსყიდველი ჩინეთია. ჩინეთის ეკონომიკის შესუსტებამ კი გავლენა ავსტრალიის საექსპორტო პოტენციალზეც იქონია. შედეგად, ავსტრალიაში ულტრა მდიდარი მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 33%-ით შემცირდა. დაახლოებით 13%-ით შემცირდა მდიდარი ადამიანების რიცხვი რუსეთში. ქვეყანაში იმ პირების რიცხვი ვისი ქონებაც 30 მილიონ დოლარს ან მეტს შეადგენს 1075-ია. მოსკოვში ულტრა მდიდარი მოსახლეობის რაოდენობა 30%-ით შემცირდა. ნავთობის ერთ-ერთ მსხვილ ექსპორტიორ ნორვეგიაში კი ულტრა მდიდარი მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლიდან 51%-ით შემცირდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უმდიდრესი ადამიანები მსოფლიოს მოსახლეობის მთლიანი ქონების 12%-ს ფლობენ და ისინი სრულწლოვანი მოსახლეობის 0.004%-ს შეადგენენ. ამასთან, გასულ წელს მილიარდერების ქონება 5,4%-ით გაიზარდა.
მსოფლიოში ყველაზე მეტი ულტრა მდიდარი ადამიანი კვლავ ამერიკაში ცხოვრობს და მათი რიცხვი ქვეყანაში 69 000-ს შეადგენს.