საქართველოს მთავრობა „ყაზტრანსგაზთან“ და „ინტერ-რაოსთან“ ჯერ-ჯერობით დავების გადაწყვეტის სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა. ამის შესახებ „საქმის კურსს“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, იურისტები უკვე დაქირავებულია და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდნარეობს, სასამართლო სხდომები კი არბიტრაჟში ჯერ დაწყებული არ არის.
„მიმდინარეობს მასალების შესწავლა, ანალიზი და სტრატეგიის ჩამოყალიბება ალბათ, ამის საფუძველზე მოხდება. ამ ეტაპისთვის ჩვენ მორიგების სეგმენტზე არ ვმუშაობთ, არამედ ვართ შეფასებაზე, თუმცა არ გამოვრიცხავ მორიგებას, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც საერთო სურათს დავინახავთ და შეფასება მოხდება, რამდენად მიზანშეწონილია ამა თუ იმ სტრატეგიით სვლა. იურისტებს საკმაოდ დიდი შრომა მოუწევთ, რადგან მასალა უამრავია. ბევრი წლის საოპერაციო საქმის ანალიზია გასაკეთებელი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გამოკვეთილი სურათი, რა სტრატეგიით იქნება საქართველოს სვლა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ყაზტრანსგაზი“ საქართველოს მთავრობისგან 180 მილიონი დოლარის მიღებას ითხოვს, "ინტერ-რაო“ კი - "თელასის“ საქმიანობისას ბოლო წლების განმავლობაში ლარის გაუფასურებით მიღებული ზარალის ანაზღაურებას.