Home
Category
TV Live Menu

მთავრობა ჩინეთის მსხვილ ქალაქებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე მუშაობს

59c8e5e112618
BM.GE
25.09.17 15:15
780
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემაში "ანალიტიკა" საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა საქართველოსთვის მნიშნელოვანია. როგორც გახარია აცხადებს, ამისთვის უპირველეს ყოვლისა, ჩინეთის დიდ ქალაქებთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაა აუცილებელი, რაზეც მისივე განმარტებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

"ჩინეთში ვიზიტის დროს, მთის კომპანიას ცალკე სტენდი ჰქონდა და თავიანთი პროდუქტების პრომოციაში აქტიურად იყვნენ ჩართული. ჩინური ტურისტული ტრაფიკის მოზიდვა დღეს ბევრი ევროპული ქვეყნის ოცნებაა და ამ მიმართულებით ჩვენ ჯერ პირველი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. ჩვენ უპირველესად, ჩინეთის მსხვილ ქალაქებთან პირდაპირ ფრენებსა და პირდაპირ კავშირზე უნდა ვიზრუნოთ. ამ პირდაპირი კავშირების გარეშე, საქართველოში მნიშვნელოვანი ტურისტული ტრაფიკის მოზიდვა რთულია, ამიტომ ამ მიმართულებითაც ვისაუბრეთ და "სიემენის" ავიახაზებთან გვქონდა შეხვედრა. ვიმედოვნებთ, მათ დაინტერესებას შევძლებთ, რომ საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელება დაიწყონ. ჩემი აზრით, ეს პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, რომ საქართველოში ჩინეთიდან დიდ ტურისტულ ტრაფიკზე ვისაუბროთ", - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრი აქცენტს ჩინეთთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზეც აკეთებს და ამბობს, რომ მსგავსი შეთანხმებები ქვეყანას გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას აძლევს.

"როდესაც ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ პატარა და აბსოლუტურად ღია ეკონომიკა გვაქვს. ჩვენ ძირითად მოტივაციას ვერ ვხედავთ იმაში, რომ სამ მილიონ ნახევრიანი ბაზრის დაცვა დავიწყოთ და ამიტომ ვფიქრობთ, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები ის შესაძლებლობაა, რომელიც საშუალებას გვიხსნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის. აქედან გამომდინარე, მიგვაჩია, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი ჩვენი ბიზნესგარემო, ინსტიტუციონალური სიძლიერე და რა თქმა უნდა, ჩვენი გეოგრაფიული ლოკაცია უნდა იყოს. ასევე მნიშვნელოვანია ლოგისტიკა და სერვისებიც, რათა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მაქსიმალურად შევძლოთ მესამე ქვეყნების ბაზრებზე წვდომის განხორციელება. სწორედ ეს არის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების ხელშეკრულების გაფორმების ლოგიკა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ.

ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ენერგია, რომელმაც შესაძლოა ქვეყნისთვის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს. ვადებიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და აქ შეგვიძლია ოპტიმისტები ვიყოთ, თუნდაც ჩინეთის მაგალითზე, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩინეთში ღვინის ექსპორტის ზრდის ტემპებს რომ გადავხედოთ, ძალიან შთამბეჭდავ ციფრებს დავინახავთ. შესაბამისად, ჩვენ ძალიან სერიოზული საშინაო დავალება გვაქვს - განვსაზღვროთ რა ნომენკლატურული ერთეულებით შეგვიძლია კიდევ ამ ბაზარზე შესვლა. წარმოების მიმართულებით საქართველოში პროგრამა ’’აწარმოე საქართველოში“ უნდა გააქტიურდეს. ჩვენ ამ ყველაფერზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ იმ ბაზრებზე წვდომა, როგორიც არის ჩინეთის და ევროკავშირის ბაზრები, სადაც ჩვენ ასევე გვეზრდება ექსპორტი, ძალიან მნიშვნელოვანია", -განაცხადა გიორგი გახარიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day