სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3 პროცენტი, 2016 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,3 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებამ, კერძოდ ინვესტიციების (შიდა) ზრდამ, რაც განაპირობა ფისკალურმა სტიმულებმა (საბიუჯეტო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე) და ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებამ. აღნიშნული, თავის მხრივ, მოლოდინების სტაბილიზაციის შედეგად მოხდა.
"დარგებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ზრდაში მშენებლობის სექტორმა შეიტანა. ამასთან, აქტივობა მაღალი იყო როგორც სახელმწიფო სექტორის, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში, მნიშვნელოვნად იზრდებოდა ინდუსტრიის სექტორები, მათ შორის, მეტალურგია, საკვები პროდუქტების და სასმელების წარმოება და ა.შ.", განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.