მთავრობა ელექტრონული პეტიციების პორტალს ichange.gov.ge-ს ქმნის. პორტალის შექმნის მიზანია საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. მთავრობის დადგენილებით, ელექტრონული პეტიციის ინიცირება მთავრობის წინაშე შეუძლია და ელექტრონულ პეტიციაზე ხელმოწერის უფლება აქვს საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს.
ელექტრონული პეტიციის მიღება და ichange-ის პორტალზე გამოქვეყნება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ:
1) იგი შეიცავს მკაფიოდ ფორმულირებულ მოთხოვნას საქართველოს მთავრობის მიერ კონკრეტული რეაგირების განხორციელების შესახებ;
2) ელექტრონული პეტიციით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება;
3) იგი წარდგენილია სახელმწიფო ენაზე;
ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად საჭიროა, ელექტრონულ პეტიციას მხარი დაუჭიროს არანაკლებ 10 000-მა მომხმარებელმა. ელექტრონულმა პეტიციამ აღნიშნული რაოდენობის ხელმოწერები უნდა შეაგროვოს ინიციირებული ელექტრონული პეტიციის ichange-ის პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ პეტიცია მითითებული დროის განმავლობაში ვერ მოიპოვებს საჭირო რაოდენობის ხელმოწერებს, იგი ჩაითვლება ვადაგასულად, ichange-ის პორტალზე ის დაიხურება და შეუძლებელი გახდება ხელმოწერის დამატება.
მთავრობა ელექტრონულ პეტიციას, განიხილავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის მეშვეობით. ამავე კომისიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ელექტრონული პეტიცია შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.