ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს საბოლოო სტრუქტურა წლის ბოლომდე ჩამოყალიბდება. ამის შესახებ "საქმის კურსს" ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა. მისი თქმით, ექსპორტიორების ხელშეწყობის რამდენიმე სტრუქტურა უკვე მოქმედებს, თუმცა კვლავ რჩება საკითხები, რის გათვალისიწინებასაც ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციები სთხოვენ. გახარია დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ტექნიკურად ყველაფერი მზად არის და დოკუმენტის საბოლოო ვერსია, რომელმაც ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები უნდა წაახალისოს, წლის ბოლომდე ჩამოყალიბდება.
"ექსპორტის ხელშეწყობის მოდელი რთული მოდელია და შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. რამდენიმე კომპონენტი უკვე მუშაობს. ვგულისხმობ იმას, რომ ეკონომიკის სამინისტროში ექსპორტზე ორიენტირებული დესკები უკვე არის. "აწარმოე საქართველოში", სადაც მოხდა ექსპორტპრომოუშენის გადატანა არიან პორტფოლიო მენეჯერები, რომლებიც კონკრეტულ პროდუქტ პორტფელებზე მუშაობს. დაგვრჩა ერთი კომპონენტი, რომელსაც წლის ბოლომდე დავამატებთ. ეს იქნება სრული კომპონენტი, რომ საექსპორტო პროდუქციის მხარდაჭერა მოხდეს. სააგენტოს სახით იქნება რა თქმა უნდა, თუმცა არის გარკვეული ფინანსური ვალდებულებები, საერთაშიროსო ორგანიზაციების მოთხოვნები და იქ არის პატარა ნიუანსები, რაზეც ვმუშაობთ. ტექნიკურად ყველაფერი მზად არის", - განუცხადა "საქმის კურსს’’ ეკონომიკის მინისტრმა.