Home
Category
TV Live Menu

მთავრობა, თუშეთის განვითარების გეგმას, შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავებს

5772470eaa53f
BM.GE
28.06.16 13:40
1104
საქართველოს მთავრობა, თუშეთის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავებს. მთიანი რეგიონების განვითარების საკითხზე შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას სურს, ჩამოაყალიბოს პლატფორმა, რომელიც ჩაატარებს კვლევას და გააანალიზებს, რა სახის მოდელით უნდა განვითარდეს საქართველოს მთიანი რეგიონები, განსაკუთრებით კი, უნიკალური ეკოსისტემისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გათვალისწინებით.

შვეიცარულმა და ქართულმა მხარეებმა, პრეზენტაციები გამართეს, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

პრეზენტაციისას, შვეიცარიის ტურიზმისა და რეგიონალურ პოლიტიკაზე ისაუბრა ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობის განყოფილების ხელმძღვანელმა ერიკ იაკობმა. ელჩმა წარადგინა ის ინსტრუმენტები და რეგიონალური პოლიტიკისა და ტურიზმთან დაკავშირებული მექანიზმები, რომლებსაც შვეიცარია იყენებს.

ერიკ იაკობმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრას საინტერესო უწოდა და მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

"საქართველოს დელეგაციისგან შევიტყვეთ ქართული ტურიზმის პოტენციალის შესახებ, გავიგეთ ბევრი რამ თუშეთის პროექტის შესახებ, რაც საკმაოდ საინტერესოა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს, ტურიზმის კუთხით, უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და არსებობს მიმართულებები, რომელთა განვითარებაც შესაძლებელია. მათ შორისაა, ხელმისაწვდომობა - რომლის ზრდაც ტურისტულად მიმზიდველი რეგიონების განვითარებისთვის აუცილებელია. მიმაჩნია, რომ განსხვავებული, ულამაზესი ლანდშაფტი, მთები, რომლებიც ზამთრის სპორტის განვითარების საშუალებას იძლევა, ზღვის სანაპირო, ლანდშაფტებისა და კულტურათა მრავალფეროვნება საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალის მანიშნებელია. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას. ორივე ქვეყანა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრებს წარმოადგენენ. შევთანხმდით, რომ, უპირველეს ყოვლისა, ღვინის ტურიზმის დარგში ვითანამშრომლებთ. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში, სექტემბერში დაგეგმილია კონფერენცია, ამდენად, მოუთმენლად ველით საქართველოსთან გამოცდილების გაზიარების მომავალ შესაძლებლობას", - განაცხადა ერიკ იაკობმა.

 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day