Home
Category
TV Live Menu

მთავრობა ყაზბეგის მოსახლეობის ენერგოეფექტური გამათბობლებით აღჭურვის პროექტს განიხილავს

581ca627b777a
დავით ჯალაღონია
04.11.16 19:11
934
ენერგეტიკის სამინისტრო ყაზბეგის მოსახლეობის ენერგოეფექტური გამათბობლებით აღჭურვის პროექტს განიხილავს. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.

"ძალიან გვინდა ყაზბეგის გაზმომარაგების კუთხით ერთი პროექტის გაკეთება, რომელიც ცოტა რთულია, მაგრამ ახლა ვფიქრობთ, კონცეპტუალურად როგორ მივუდგეთ ამ თემას, რადგან ყაზბეგის გაზმომარაგებას ჩვენ ბიუჯეტიდან ვასუბსიდირებთ და იქ ინფრასტრუქტურულად, ერთ სულ აბონენტზე ძალიან დიდი ხარჯია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამის ოპტიმიზაციაშიც გარკვეული რესურსი დევს. ყაზბეგში არაეფექტური გამათბობლები აქვთ, სითბოს დანაკარგი ძალიან დიდია. ვფიქრობთ, ინვენტარიზაცია გავაკეთოთ - რა რესურსზე შეიძლება, იყოს საუბარი და იგივე რესურსით, ბიუჯეტის სახსრების დანაზოგით შეიძლება, პირველადი ინვესტიციები გავაკეთოთ. სამაგიეროდ, შემდეგ სასუბსიდიო კომპონენტი შემცირდება", - განმარტა ვალიშვილმა და დასძინა, რომ ეს სამომავლო პროექტის მხოლოდ მონახაზია.

"მაგალითად, თუ ენერგოეფექტურ ღუმელებს დავდგამთ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ შედეგს მივიღებთ. თუ დათბუნებასაც გავაკეთებთ, ეს კიდევ დამატებით რესურსს დაზოგავს, მაგრამ ბუნებრივია, ამ ღონისძიებას თავისი ფინანსური ხარჯიც ახლავს. ეს ასაწონ-დასაწონია, რამდენად შორს წავალთ. ჩვენ რემონტებს და განსაკუთრებული, უმაღლესი სტანდარტის ენერგოეფექტური სახლების მშენებლობას ყაზბეგისთვის ვერ დავიწყებთ, მაგრამ რაღაც დონეზე, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების რესურსს ვხედავ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამ პროექტის განხორციელებისას ენერგეტიკის სამინისტროს დონორების დახმარების იმედი აქვს.

"პროექტზე მუშაობას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. სავარაუდო დონორები KFW, EBRD, ჰოლანდია, დანია და ევროკავშირია", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.

ფოტო

Subscribe to our news

Get the main news of the day