დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანების საკითხი პარლამენტში ინიცირებული აღარ არის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტის პაკეტიდან აღნიშნული საკითხი მთავრობამ უკან გაიწვია.
”გაწვეულია მთელი რიგი კანონპროექტებისა. მთლიანობაში პაკეტში შედიოდა112 პროექტი და 12 აქედან გაწვეულია. ერთ-ერთი შეეხება დაზვერვის სამსახურს.
საუბარია იმაზე, რომ დაზვერვის სამსახური უნდა შეერთებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. თუმცა, ამასთან დაკავშირებით შედგა საპარლამენტო კონსულტაციები და ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იქნას გაწვეული შესაბამისი ნაწილი პაკეტის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თავის მხრივ, ჟურნალისტებთან აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ.
"მიმდინარეობდა კონსულტაციები როგორც მთავრობის შიგნით, ისე პარლამენტთან და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გამოვითხოვოთ კანონები, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო უსართხოების სამსახურის და დაზვერვის სამსახურის გაერთიანებას. ეს ორი უწყება აღარ გაერთიანდება", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
IPN