მთავრობამ სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
სამოქმედო გეგმა მოიცავს ბაზარზე ზედამხედველობის კუთხით არსებულ მდგომარეობის მიმოხილვას, განხორციელებულ ქმედებებსა და ამასთან, განსაზღვრავს სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ კონკრეტულ ღონისძიებებს შესაბამისი ვადების მითითებით.
ბაზრის ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოს ევროკავშირთან შეთანხმება ავალდებულებს.
სამოქმედო გეგმის გრძელვადიანი მიზნებია: ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა; ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსება და თავისუფალი მიმოქცევა; ეფექტური და პროპორციული ზედამხედველობის სისტემის დანერგვა; აღნიშნული პრინციპი გულისხმობს პროდუქტების პირობით დაყოფას სექტორების მიხედვით, რომლებზე ზედამხედველობასაც განახორციელებენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები მათი კომპეტენციის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახური შესაძლოა იყოს რისკის შემცველი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მოწოდების წყარო, რადგანაც ახორციელებს სასაზღვრო კონტროლს იმპორტირებულ პროდუქტებზე. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მ კუთხით აუცილებელია, რომ განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში თუ შემოსავლების სამსახური ფლობს ინფორმაციას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დადასტურებული საფრთხის შემცველი პროდუქტის შემოტანის შესახებ, ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა საფრთხის შემცველი კონკრეტული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არ დაშვების შესახებ.
ასევე, უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ბაზარზე ზედამხედველობის ფუნქციები დაეკისრება მხოლოდ ზედამხედველობის ორგანოებს. აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოების ფუნქციები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული. მათ ფუნქციას უნდა წარმოადგენდეს შესაბამისობის შეფასება და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა.
ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებს უფლება უნდა ჰქონდეთ, საჭიროების შემთხვევაში, ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვონ ბაზრიდან ამოიღოს ან მომხმარებელისაგან გამოითხოვოს დადასტურებული საფრთხის შემცველი პროდუქტები.
ამასთან უნდა განისაზღვროს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, რომელიც განახორციელებს ზედამხედველობას ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივების შესაბამისად შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტებით დაფარულ პროდუქტებზე. ასეთი პროდუქტებია: დაბალი ძაბვის მოწყობილობები; სათამაშოები; მანქანა დანადგარები; პერსონალური დაცვის მოწყობილობები; სამშენებლო პროდუქტები; აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები; სამოქალაქო მოხმარების ფეთქებადი მასალები; ფეთქებად გარემოში მომუშავე მოწყობილობები, გაზომვის საშუალებები, არაავტომატური სასწორები.