მთავრობას ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ აქვს ის სექტორები, სადაც საპენსიო ფონდიდან საინვესტიციო რესურსი განთავსდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ამ საკითხზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყება, რაც საპენსიო რეფორმის გასატარებლად პარლამენტი შესაბამის კანონს დაამტკიცებს.
"ამ წუთში ჩვენ კანონმდებლობის შექმნაზე ვმუშაობთ და ამისთვის ოქტომბრის ბოლომდე გვაქვს ვადა. რაც შეეხება თვითონ ფონდის შექმნას, რომელშიც თანხების აკუმულირება და შემდეგ ამ თანხების ინვესტირება მოხდება, რა თქმა უნდა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მას შემდეგ, რაც კანონი და ფონდის დებულება დაიწერება, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, როგორ და რა მიმართულებით მოხდება ფონდიდან ინვესტირება. ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ წუთში არსებული შეთანხმება ასეთია - ჩვენ შევეცდებით კერძო სექტორი მოვიწვიოთ იმისათვის, რომ ფონდის სახსრები იყოს ეფექტურად მართული“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება ბიზნესსექტორის მზაობას - გაიღონ საპენსიო ფონდში თანამშრომლის ხელფასის 2%-, ქუმსიშვილის განცხადებით, ამ მხრივ ახსნა-განმარტებები ჯერ კიდევ გეგმაშია.
"ჩვენ საკმაოდ აქტიური კომუნუკაცია გვაქვს კერძო სექტორთან. ყველა გადაწყვეტილების შემდეგ გვაქვს პრეზენტაციები, მათ შორის ბიზნესასოციაციასთან. რა თქმა უნდა, კერძო სექტორისა და მოსახლეობისთვის ახსნა-განმარტებები იქნება მისაცემი“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
მთავრობა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტს ოქტომბერში გადაუგზავნის.