Home
Category
TV Live Menu

მთის განვითარების საბჭო: 2016 წელს მაღალმთიან რეგიონებში 53 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა

58d79c3ee7091
BM.GE
26.03.17 15:20
858

მთის განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, 2017 წელს ბიუჯეტიდან მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის გათვალისწინებული 20 მილიონი ლარიდან, 10 მილიონი მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად გამოიყოფა, დანარჩენი თანხით კი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, - თემის დეტალებით ’’საქმიან დილასთან“ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივანი ოთარ კონჯარია საუბრობს.

 

-ბატონო ოთარ, ინფრასტრუქტურული პროექტები ჯერჯერობით განზოგადოებულია, დაახლოებით რა რაოდენობის პროექტების დაფინანსება მოხდება და რა პროექტებზეა საუბარი?

 

-მთის განვითარების ფონდი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით არის განსაზღვრული, 2016 წელს 20 მილიონ ლარს შეადგენდა და მიმდინარე წელსაც მისი მოცულობა ანალოგიურად 20 მილიონი ლარით განისაზღვრა. საბჭომ ამ ფონდიდან სახსრების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ერთი მხრივ, 10 მილიონი მიმართული იქნება ’’აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მიმართულებით, რომელიც  მაღალმთიან დასახლებებში მეწარმეობის ხელშეწყობას უზრუნველყოფს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე წარმოების და მომსახურების სფეროების გააქტიურებისთვის. მეორე 10 მილიონი ლარი კი სწორედ მაღალმთიან დასახლებებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

 

-ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ამ თანხის განაწილებაში პირდაპირ არიან ჩართულები?

 

-დაფინანსების მექანიზმის თვალსაზრისით, გასულ წელს ანალოგიური პრინციპით იყო ფონდიდან თანხები გადანაწილებული და შედეგმა ცხადად გვაჩვენა, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობის ეფექტური ტენდენციები შეინიშნება. სწორედ ამიტომაც მიმდინარე წელსაც ანალოგიური მიმართულებით გავაგრძელეთ მუშაობა.  ინფრასტრუქტურულ პროექტებს რაც შეეხება 2016 წელს  სულ დაახლოებით 53 პროექტი დაფინანსდა.

 

-თანხების ათვისება მოხდა მთლიანად 20 მილიონის?

 

-რა თქმა უნდა, მათ შორის 10 მილიონი სწორედ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯა. მაღალმთიან დასახლებებში საგზაო ინფრასტრუქტურა დაფინანსდა. მაღალმთიანი დასახლება 1600-ზე მეტია და ყველა არა, მაგრამ მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი იქნა ყველაზე პრიორიტეტული დასახლებები.

 

-ამ დასახლებების ჩამონათვალი უკვე შედგენილია?

 

-ჩამონათვალი ახლა იწყება, მუნიციპალიტეტებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში წარმოადგინონ პრიორიტეტული დასახლებები.

 

-რა პრინციპით ხდება უპირატესობების მინიჭება?

 

-განსაზღვრული წესის მიხედვით, უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივია, რომ მუნიციპალიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და იქ არსებულ პრობლემებს ითვალისწინებს. ის კონკრეტულ პროექტს წარმოადგენს რეგიონში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოზე, რომელიც სწორედ დადგენილი კრიტერიუმებით დადგენილი ქულების მინიჭების სისტემის საშუალებით ავლენს ყველაზე პრიორიტეტულ პროექტს და შემდეგ ეს პროექტი სამოქმედო გეგმაში აისახება და რეგიონული განვითარების კომისია მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას აღნიშნული პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

 

-ამ შემთხვევაში მთის საბჭო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფარგლებში მუშაობს?

 

-არა, რა თქმა უნდა. მთის საბჭოს გაცილებით ფართო ფუნქციები გააჩნია. მას უშუალოდ საქართველოს პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭო მაღალმთიანი რეგიონების შესახებ განსაზღვრული კანონით არის განსზღვრული და მისი მთავარი ფუნქცია არის, რომ ყველა ის საკითხი განიხილოს, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარებას და იქ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეხება. ასევე იგი გულისხმობს მოსახლეობის დასაქმებას, საარსებო გარემოს გაუმჯობესებას და ყველა საკითხი, რომელიც მთასთან მიმართებაში პოლიტიკის განსაზღვრასთან არის დაკავშირებული, უპირველესად, სწორედ მთის ეროვნულ საბჭოზე განიხილება.

 

-რამდენი ადამიანია მთის საბჭოში დასაქმებული, შტატი რამხელაა?

 

-საბჭოს საორგანიზაციო აპარატის ფუნქციას მთლიანად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასრულებს, სადაც მთის განვითარების სამმართველო არსებობს და სწორედ იგი ასრულებს ორგანიზაციულ ფუნქციას.

 

-ეტაპობრივად უნდა მოხდეს გამოყოფილი თანხის ათვისება, თუ დრო ვადებშია განსაზღვრული?

 

-ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლოსთვის, მაისის დასაწყისში თანხები უკვე განაწილებული იქნება უშუალოდ იმ პროექტებზე, რომლებიც უშუალოდ მაღალმთიანი დასახლებებში უნდა განხორციელდეს და მთელი ზაფხული და შემოდგომის პერიოდი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ სამუშაოები შესრულდეს.

 

-განსხვავებით ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ’’აწარმოე საქართველოს“ პროგრამაშიც რაიმე განსხვავებული ფორმით იქნებით ჩართულები, თუ ამ შემთხვევაში უფრო პასიურად ხართ?

 

-იმ თანხების სწორ განკარგვაზე  პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა,  მეწარმეობის განვითარების სააგენტო იღებს, თუმცა ჩვენი საბჭო ბუნებრივია, პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მუდმივად იღებს. რაც მნიშვნელოვანია აქ, ხაზი მინდა გავუსვა, რომ გარდა იმისა, რომ გრანტების მიცემა ხდება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი კომპონენტია იმ ადამიანების დახმარება და მათი უნარების გაზრდა სამეწარმეო მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში ამ ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს თავიანთი უნარებით კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და წინსვლაზე იზრუნონ.

Subscribe to our news

Get the main news of the day