ავიაკომპანია Myway Airlines მომავალ წელს ქართული ბაზრის 3-4%-იანი წილის დაკავებას გეგმავს, - ამის შესახებ Bm.ge-ის, ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა განუცხადა.
"სამ ეტაპად გვაქვს დაყოფილი ჩვენი განვითარების გეგმა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ერთი წლის შემდეგ, ბაზრის 3-4%-ს დავიკავებთ და დაახლოებით 150-200 ათას მგზავრს გადავიყვანთ. Georgian Airways-ს ამჯამად 10-11% -იანი წილი უკავია, ჩვენ მას ვუყურებთ როგორც პირდაპირ კონკურენტს, რადგან ქართული ავიაკომპანიაა, თბილისში ბაზირებენ, წლებია დაფრინავენ და გამოცდილება აქვთ, თუმცა თუ გადავხედავთ ავიაბაზარს, "თურქეთის ავიახაზებს", თუ არ ვცდები, 14-15% უკავია, შემდეგ "უკრაინის საერთაშორისო ხაზებია", "ფლაიდუბაიც" ძალიან იზრდება, ასე რომ საკმაოდ დიდი კონკურენციაა... რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ყველას განვიხილავთ კონკურენტად, მათ შორის "ვიზეარსაც", რომელსაც ბაზრის 8% უკავია, თუმცა ის ქუთაისშია ბაზირებული და განსხვავებულ პროდუქტს და სერვისს სთავაზობს მგზავრებს", - განაცხადა იგორ აფციაურმა.
ავიაკომპანია Myway Airlines, ჩინური ინვესტიციით დაფუძნებული ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც რეისების შესრულებას თებერვალში დაიწყებს. პირველ ეტაპზე ავიაკომპანია ჩარტერულ რეისებს შასრულებს რეგიონის მასშტაბით. განიხილება ისეთი მიმართულებები როგორიცაა: უკრაინა, კიევი, მინსკი, მოსკოვი, ასევე თეირანი და დუბაი ან შარჟა. მარტის ბოლოდან კი ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს დაიწყებს.
ავიაკომპანიას საკუთარი ბოინგები ჰყავს. ორ ბოინგ 737 800 -ში კომპანიამ 38 მილიონი დოლარი გადაიხადა, წლის ბოლოს ავიაკომპანია კიდევ ორი ასეთივე ბოინგის ყიდვას გეგმავს, რითაც რეგულარულ ფრენებს ევროპისა და აზიის მიმართულებით შეასრულებს.