Home
Category
TV Live Menu

ნაჩუქარი ფუტკრით დაწყებული ტკბილი ბიზნესი - "მუშა ფუტკარი" ამბიციური გეგმებით

5982cbc4a71dc
სალომე მეცხვარიშვილი
03.08.17 11:07
1591
წელიწადში ერთი ტონა თაფლი და 40 კილოგრამამდე ფუტკრის რძე - ამ პროდუქციას კონსტანტინე ლომთაძე ხონის რაიონის სოფელ კუხში აწარმოებს. ფერმერს ამჟამად 350 პროდუქტიული და 100-მდე ახალი ფუტკრის ოჯახი ჰყავს. როგორც თავად ამბობს, გასულ წელს მის მიერ მიღებული ფუტკრის რძის მოსავალი იმერეთის რეგიონში რეკორდული იყო. კონსტანტინე ლომთაძე გვიყვება, რომ მედიცინაში პოპულარულ პროდუქტს საკმაოდ მაღალი ფასიც აქვს, თუმცა, ჩინურ ფუტკრის რძესთან კონკურენცია ადგილობრივ პროდუქტს მაინც განსაკუთრებით უჭირს.

მიუხედავად იმისა, რომ მეფუტკრეობა ოჯახური ტრადიცია იყო, პროფესიად მაინც ინჟინერია აირჩია. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ამ სფეროს არ გაკარებია, აბსოლუტურად ჩამოშორდა სოფელსაც და თავი სხვა მიმართულებით დაიმკვიდრა. როგორც თავად ამბობს, 2014 წელს ნაჩუქარმა ერთი ფუტკრის ოჯახმა ისევ "სოფლისკენ შემოაბრუნა".

"სწორედ ამან მიბიძგა გამეგრძელებინა ოჯახის ტრადიცია და ქალაქის ხმაურსაც მოვშორებოდი",- ამბობს კონსტანტინე ლომთაძე.

ევროპის ქვეყნებში ვიზიტებმა დაარწმუნა, რომ დიდ და სტაბილურ ბაზარზე პროდუქციის რეალიზებას მაღალი სტანდარტების გარეშე ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ ფერმერს სერთიფიკატის აღება და წარმოების გაფართოება სურს.

სირთულეების მიუხედავად ბიზნესმენს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. უპირველესად კი საწარმოო დანადგარის შეძენას და თაფლის ჩამოსხმა-დაფასოებას აპირებს. მეწარმეს სჯერა, რომ ეს მის პროდუქტს კონკურენტუნარიანს გახდის და რეალიზებას გაუმარტივებს.

კონსტანტინე ლომთაძეს აგროტურიზმის მიმართულებითაც სურს ბედის ცდა. აპირებს, სათაფლიის მიმდებარედ ვიზიტორების ცენტრი მოაწყოს, სადაც ტურისტებს თაფლის და მისგან დამზადებული პროდუქციის წარმოების და დაგემოვნების საშუალება ექნებათ.

ფერმერი ფიქრობს, რომ დღეს ქართული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ცოდნა და შესაბამისი განათლებაა. სწორედ ამიტომ მისი მიზანი თანამედროვე სტანდარტებზე გადაწყობა და ცოდნის გარღმავებაა.

წელს პირველად კომპანია "მუშა ფუტკარი“ "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის“ ბიზნესდაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას. კომპანიას გამარჯვება „წლის მცირე ბიზნესის“ კატეგორიაში სურს. მეფუტკრე ამბობს, რომ ბიზნესდაჯილოებაში მონაწილეობა ცნობადობის გაზრდასა და სხვა კომპანიებთან კომუნიკაციაში დაეხმარება, რაც მისი ბიზნეს გეგმების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.




Subscribe to our news

Get the main news of the day