Forbes ამერიკელი მეცნიერის, NASA -ს ყოფილი თანამშრომლის მარშალ შეფერდის ბლოგს აქვეყნებს, რომელშიც მეცნიერი კატეგორიულად უარყოფს, რომ NASA ნოემბერში 15-დღიან სრულ დაბნელებას ელოდება დედამიწაზე.
"არა, NASA არ პროგნოზირებს 15-დღიან სრულ დაბნელებას ნოემბერში“,- ამ სათაურით გამოქვეყნდა ბლოგი გავლენიანი გამოცემის ვებგვერდზე.
მეცნიერი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ცრუ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2015 წელს საიტ Newswatch33-დან გავრცელდა. სტატია გამოქვეყნდა სათაურით, "NASA ადასტურებს, რომ დედამიწაზე 15 დღიანი სრული დაბნელება 2015 წლის ნოემბერში იქნება".
სტატიაში საუბარი იყო, რომ თითქოს NASA-ს ადმინისტრატორმა ჩარლზ ბოლდენმა 1000-გვერდიანი ანგარიში მოამზადა, სადაც დაბნელების მიზეზად ასტრონომიული ვენერასა და იუპიტერის გადაადგილებები სახელდებოდა.
"არც კი დავხარჯავ დროს ახსნაში, რადგანაც ეს ყალბი ინფორმაციაა. ასეთი ანგარიში არასოდეს მომზადებულა. მე ვარ NASA-ს ყოფილი მეცნიერი და ძალიან კარგად ვიცნობ ჩარლზ ბოლდენს. ის არაჩვეულებრივი ადამიანი და ყოფლი ასტრონავტია“,- აცხადებს მეცნიერი და აღნიშნავს, რომ NASA-ს ტექნიკით დაბნელების წინასწარმეტყველება საკმაოდ იოლია.
მისი თქმით, 2015 წელს გავრცელებული მასალა წლიდან წლამდე აქტიურდება და შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა.