საწვავის ეკო მარკირებასთან ერთად ბიზნესი ბენზინგასამართი სადგურების მარკირების ინიციატივით გამოდის, - როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, საწვავის ნებაყოფლობით მარკირებაზე ბიზნესს შენიშვნები არ აქვს, თუმცა მის კიდევ უფრო მეტად გამკაცრებას ითხოვს.
მთვრალაშვილის განცხადებით, კომპანიამ შესაძლოა ხარისხიანი საწვავი შემოიტანოს, თუმცა ბენზინგასამართი სადგური არ აკმაყოფილებდეს ეკოლოგიურ და სხვა სახის სტანდარტებს. ასევე მისი თქმით, გარკვეულ კითხვას ბადებს, საკითხი თუ როგორ მოხდება საწვავის ხარისხის შემოწმება დროთა განმავლობაში.
"ბიზნესს სურს, რომ პროცესი კიდევ უფრო გამკაცრდეს. ბიზნესი ცალსახად და უპირობოდ მხარს უჭერს ამ პროექტს და საწვავის ხარისხის პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი თავად ბიზნესია.
თუმცა არის პრობლემატური საკითხებიც. გასამართი სადგური, შესაძლოა ბევრ კომპონენტს ვერ აკმაყოფილებდეს, რომელიც გარემოს დაცვის კუთხით არის საჭირო, თუმცა მან მან მიიღოს "მწვანე ნიშანი“. აღნიშნული მწვანე ნიშანი მარკეტინგული კუთხითაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ერთი პრობლემაა, რომ შეიძლება ბენზინგასამართი სადგური არანაირ პარამეტრს არ აკმაყოფილებს, მაგრამ გასცემს ამ მარკას. ასევე კითხვაა, თუ რამდენად მოხდება პროდუქტის ხარისხის კონტროლი, გასამართმა სადგურმა შესაძლოა ერთხელ იყიდოს ეს საწვავი დ კითხვაა შემდეგ ვინ შეამოწმებს მას", - განაცხადა მთვრალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე დაგეგმილია საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ეკომარკირება, რომლის მიზანანსაც ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ზრდისა და ნავთობიმპორტიორ კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა წარმოადგენს.