ახალი წლიდან ნავთობპროდუქტების სააქციზო განაკვეთი გაიზრდება. წინასწარი მონაცემებით, 1 ტონა ბენზინზე სააქციზო განაკვეთი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება, 1 ტონა დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე, - თემაზე ’’საქმიან დილასთან“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ იობაშვილი საუბრობს.
- ბატონო ვახტანგ, აქციზის ასეთი მოცულობით ზრდას რამდენად ელოდა სექტორი და რა რეაქცია ჰქონდა თქვენს ასოციაციას?
- ცალსახად შემიძლია გიპასუხოთ, რომ სექტორი არ ელოდა და არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა. საქმის კურსში არავინ ვიყავით. მეტიც, არცერთი კომპანია მიახლოებითაც კი ვერ იფიქრებდა იმას, რომ აქციზი პროდუქტზე ამ რაოდენობით გაიზრდებოდა. შეიძლებოდა რაღაც დასაშვები ყოფილიყო, რადგან მთავრობა გამოსავალს ეძებს და ბუნებრივია, ეს მისი საქმეა. 50-100 ლარი მესმის, მაგრამ ტონაზე აქციზის 500 ლარით გაზრდა კითხვებს აჩენს. ყველას აინტერესებს ნავთობპროდუქტზე ფასები თუ გაიზრდება, ცალსახად ვადასტურებ, რომ ფასი ნამდვილად გაიზრდება. 25 თეთრი მხოლოდ აქციზიდან გამომდინარე უწევს, ამას ლარისა და დოლარის პრობლემური ურთიერთობა ემატება, რაც ძალიან დიდი გაუგებრობას მოგვიტანს.
- შიდა რეგულაციებიდან გამომდინარე გაზრდილი ფასის დაახლოებითი რაოდენობა თუ შეგვიძლია დავთვალოთ, რასაც ,,ოპეკის’’ განცხადება ემატება, რომლის გადაწყვეტილებითაც ნავთობის ფასი 8 პროცენტით გაიზარდა.
- ადრე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ განვმეორდები, რომ საქართველოში აზიური მიმართულება საწვავზე აღარ არის, იმიტომ რომ ბაქოს გადამამუშავებელი ქარხნები იმ სტანდარტებში ვეღარ ეტევიან, რაც ჩვენ გვაქვს, ამიტომ SOCAR-იც კი იძულებულია საწვავი ევროპაში იყიდოს. ხშირ შემთხვევაში ზღვაზე გადმოტანის დროს უკვე გზაში უწევს ფასთა სხვაობა, რადგან ყოველ საღამოს პალდსის დადგენა ხდება, რომელიც მხოლოდ მეორე დღეს არის გაჟღერებული. ფასის 25 თეთრიანი გაზრდა ეს არის მხოლოდ აქციზიდან გამომდინარე, ამაზე, რა თქმა უნდა, ვალუტის სხვაობა და მსოფლიო სანავთობო ბაზრის პოლიტიკა იმოქმედებს. ცნობილია, რომ ,,ოპეკის’’ ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ და ამან უკვე გუშინ 8%-იანი ფასთა ზრდა გამოიწვია.
- რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც აღნიშნულ გადაწყვეტილებას გეგმავდა, რა ელის ბაზარს?
- უპირველესად კითხვით მივმართავდი უმუშავიათ თუ არა, შესწავლილი აქვთ თუ არა ამას რა მოყვება და მოსმენილი აქვთ თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა კომპანიების აზრი. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არც ჩინოვნიკმა და არც ექსპერტმა არავინ იცოდა ამ ყველაფერს რა მოყვებოდა. სანავთობო ბაზრაზე რა მოხდება წინასწარ არავინ იცის, წინასწარ სანავთობო ბაზარზე მატებას ან კლებას ვერავინ გათვლის. მე მთავრობის საწინააღმდეგოდ მიმართული არ ვარ, რადგან მთავრობა უამრავ გზას ეძებს გამოსავალი რომ იპოვნოს. მაგრამ მე დღეს შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება არ ყოფილა. ჩვენ ისეთი ინდუსტრია ვართ და ისეთი ბიზნესი გვაქვს, რომ ბანკებიდან დაწყებული ყველა სტრუქტურა მონაწილეობს აღნიშნულ ბიზნესში. არცერთი კომპანია ჯიბიდან მილიონებს არ ამოიღებს და იმპორტს არ შემოიტანს. ამას პირდაპირ რომ დავარქვათ ლარის უბედურება ემატება, რაც მხოლოდ ჩვენზე არ აისახება. ეს ყველაფერზე აისახება უბრალო მოხუც ადამიანზეც კი, რომელიც წამალსაც ვერ იყიდის. ჩვენსავით სხვა კომპანიებიც დოლარზე ყიდულობენ და ლარზე ყიდიან. არ შეიძლება ეს რომ არ აისახოს.