IPM-ის კვლევის შედეგებით, საქართველოში გამოკითხულთა უმეტესობა სამედიცინო დაზღვევას ფლობს. უმრავლესობას (58%) სახელმწიფო დაზღვევა აქვს, 28% კერძო დაზღვევით სარგებლობს, ხოლო 14%-მა განაცხადა, რომ საერთოდ არ აქვს დაზღვევა. კვლევაში 400 რესპოდენტი მონაწილეობდა.
გამოკითხულთა უმრავლესობა ქართული სამედიცინო სისტემის მიმართ ნდობითაა განწყობილი - რესპონდენტთა ნახევარზე მეტი ქართულ სამედიცინო სისტემის მიმართ ნდობას 5 ქულიან სკალაზე 4 და 5 ქულით აფასებს (4 - მაღალი, 5 - ძალიან მაღალი). 28% სისტემის მიმართ ნდობას საშუალოდ აფასებს. არც ისე უმნიშვნელოა მათი რიცხვი, რომელთა ნდობის ხარისხიც ქართული სამედიცინო სისტემის მიმართ დაბალი ან ძალიან დაბალია. ასეთი ადამიანები გამოკითხულთა 17%-ს შეადგენენ.
გამოკითხულთა დიდი ნაწილის აზრით, მედიცინა საქართველოში მაღალგანვითარებული სფეროა. ჯამში 47%-ია იმ რესპონდენტების პროცენტული რაოდენობა, რომელთა აზრითაც ეს სფერო საქართველოში (ძალიან) მაღალ დონეზეა განვითარებული. გამოკითხულთა ასევე დიდი რაოდენობა (40%) მიიჩნევს, რომ მედიცინა საქართველოში საშუალო დონეზეა განვითარებული. მხოლოდ 13% აფასებს მედიცინას ქვეყანაში განვითარების თვალსაზ-რისით (ძალიან) დაბალ დონეზე მყოფ სფეროდ.