ნენსკრა ჰესი რეალურ პროექტად სამი წლის წინ ჩამოყალიბდა და სამუშაოები დაახლოებით 1.5 წლის წინ დაიწყო. ჰიდროელექტროსადგური ძირითად სამშენებლო ეტაპზე ზაფხულის მეორე ნახევრიდან გადავა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ 2019 წლიდან ჰესი საქართველოს ყოველწლიურად 1.2 გიგავტ საათ ელექტროენერგიას მიაწვდის, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. ნენსკრა ჰესის პროექტის განხორციელების დეტალებზე გადაცემაში „ანალიტიკა“ სს ’’ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე საუბრობს.
- ბატონო თეიმურაზ სამუშაოების როგორ მიმდინარეობს რა ეტაპზეა ის?
- ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს გზების აღდგენას, რეაბილიტაციას, გეოლოგიურ და სხვა სახის კვლევებს.
ჰესის მიმართ დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, კრიტიკულია საზოგადოების ნაწილისგან. ეს ძირითადად ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომელთა მუშაობის პროფილიც ზუსტად მსგავსი ჰესების კრიტიკა გახლავთ. თუმცა ეს ნებისმიერი დიდი ჰესის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ამ კრიტიკას ვისმენთ, შენიშვნებს გულისყურით ვეკიდებით. საჯარო განხილვები რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად, შენიშვნები გაზიარებული და შესწორებული იქნება და იმ საბოლოო დოკუმენტში შევა, რომელიც შემდეგ საფინანსო ინსტიტუტებს წარედგინება საბოლოო სესხის დასამტკიცებლად.
- რას მიიღებს მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობაც ამ პროექტის შედეგად?
- ერთია რას იღებს ქვეყანა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობიდან, რა ინვესტიცია განხორციელდება და მეორე საკითხია რა უფრო მეტად აღელვებს მოსახლეობას, რა გავლენას იქონიებს ნენსკრას ხეობაზე და მთლიანობაში მესტიის მუნიციპალიტეტზე. პირდაპირი ინვესტიციების გარდა, მნიშვნელოვანი კომპონენტია მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესული პირდაპირი გადასახადიც. ეს თანხა დაახლოებით 20 მილიონ დოლარს შეადგენს მშენებლობის ეტაპზე, ხოლო ოპერირების ეტაპზე კი ყოველწლიურად 8-10 მილიონ დოლარს.
- ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრისას რას გულისხმობთ კონკრეტულად?
- იმ გადმოსახედიდან თუ გადმოვხედავთ, როგორი ბალანსიც დღეს აქვს საქართველოს იმპორტსა და ექსპორტს შორის, დეფიციტს ვერ გავანულებთ - ამ ჰესით ეს საკმარისი არ იქნება, თუმცა საგრძნობლად შეამცირებს იმპორტს და ჩაანაცვლებს იმპორტირებულ ელექტროენერგიას, რაც ერთის მხრივ სტაბილურობას და გარანტიას აძლევს ენერგოსისტემას იმ კუთხით, რომ მას არ დასჭირდება დიდი რაოდენობით მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილი ელექტროენერგია. მეორეს მხრივ, ეს იქნება ენერგიის წყარო, რომელიც ძალიან სწრაფად და საჭირო მომენტში ჩაერთვება ელექტროსისტემაში.
-საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ კერძო-საჯარო თანამშრომლობა კანონმდებლობით მოწესრიგდეს. თქვენ თუ ხედავთ დღეს ამის საჭიროებას?
- კანონმდებლობით დარეგულირებული ორგანიზაციული სტრუქტურა რა თქმა უნდა, მისაღები და მისასალმებელი იქნება. ამ ეტაპზე ის პარტნიორობა, რომელიც საპარტნიორო ფონდსა და კომპანია K Water -ს შორის შედგა, ერთ-ერთი ნიმუში და მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მსგავსი პროექტები ჩამოყალიბდეს და განხორციელდეს. როდესაც კანონმდებლობით იქნება განსაზღვრული და დადგენილი და წინასწარ ინვესტორისთვის ცნობილი იქნება ქვეყანაში შემოსვლისას მას რა დახვდება, რა მხარდაჭერა ექნება სახელმწიფოსგან და თავის მხრივ რა პასუხისმგებლობები უნდა აიღოს თავის თავზე, გაცილებით გაამარტივებს ამ ტიპის პროექტების განხორციელებას მომავალში.
დღეს, როდესაც სამშენებლო პროექტი უკვე დასრულებულია, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ განსახლება ამ პროექტის ფარგლებში არ იგეგმება, თუმცა პროექტს აქვს ასეთი მცნება, რომელიც ეკონომიკურ განსახლებას მოიცავს. სვანეთში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში ტრადიციულად ადგილობრივი მოსახლეობა იმ სახელმწიფო რესურსით სარგებლობს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ საკუთრებას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს ტრადიციული სარგებლობის მიწებია და გამოიყენება, როგორც ხე-ტყით, ასევე სხვადასხვა სამეურნეო თივის მოგროვებით და ა.შ. გარკვეული საძოვარი და ტყით სარგებლობა დაიკარგება და ეს ყველაფერი დაკომპენსირებული იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამ ეტაპზე ჩვენ ნათლად გვაქვს დადგენილი პრინციპები ეს როგორ უნდა მოხდეს და მოლაპარაკება მიმდინარეობს უშუალოდ იმ მოსახლეობასთან, რომელიც ამ რესურსით სარგებლობს. პროექტში გათვალისწინებულია, რომ საერთო ჯამში ბიუჯეტის ფარგლებში ეს კომპენსაციები ორი მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში იყოს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ აღნიშნული თანხა გაიზარდოს ან შემცირდეს, ყველაფერი კონკრეტულად მოსახლეობასთან მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს.