ლუდის აქციზის საკითხი ერთ-ერთი სასაუბრო თემა იყო სასმელების მწარმოებელ კომპანიებსა და პრემიერის დღევანდელ შეხვედრაზე. "ლუდის აქციზის გადახედვის საკითხზე პრინციპული თანხმობაა“, - აღნიშნულის შესახებ, კომპანია "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა "ბიზნესკონტაქტს" შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ფაქტიურად გალღვა ის ყინული, რაც ჩვენსა და ხელისუფლებას შორის იყო“, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ლუდის აქციზის მათ მიერ წარდგენილი ინიციატივის განხილვაც მოხდა, რომლის მიხედვითაც ლუდზე აქციზური გადასახადი მასში ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით უნდა დაითვალოს.
"ამ შემთხვევაში ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ წარმოებას გავზრდით, ისე როგორც აქამდე იყო, შესაბამისად სახელმწიფოსაც იგივე შემოსავალი ექნება", - აცხადებს ხუნძაკიშვილი. მისივე თქმით, თავის მხრივ მწარმოებლები საკუთარ თავზე აიღებენ ვალდებულებას, გადაიხადონ სახელმწიფო ბიუჯეტში იგივე თანხა, რასაც გასულ წლებში იხდიდნენ.
"თუ მაგალითად 2-3 მილიონი დააკლდება ბიუჯეტს, ჩვენ მზად ვართ, ამ თანხის ფარგლებში რაიმე პროექტი დავაფინანსოთ, ეს შესაძლოა იყოს სოციალური პროექტი. ამ შემთხვევაში, ორივე მხარე კომფორტულად იგრძნობს თავს", - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.