"ნიკორა" IPO-ს 3 წელში გეგმავს - ამის შესახებ "ნიკორას" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა "საქმიან დილაში" საუბრისას განაცხადა.
"აქციონერების გადაწყვეტილებით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კომპანიის თანამშრომლები "ნიკორას" აქციებს მიიღებენ საჩუქრად და ამით ის შეგრძნება გაუჩნდებათ, რომ ისინი არა მხოლოდ დაქირავებული თანამშრომლები არიან, არამედ ყველა იმ წარმატების თანამონაწილე, რაც კომპანიას უკავშირდება“, - ამბობს ბოქოლიშვილი.
მისივე თქმით, თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა სურვილი გამოთქვა, რომ თავიანთ დაზოგილი სახსრებით კომპანიის აქციები დამატებით კიდევ შეეძინათ.
როგორც "ნიკორას" გენერალური დირექტორი აღნიშნავს, დღეისათვის კომპანია საქართველოში საცალო გაყიდვების ყველაზე დიდი, ორგანიზებული ქსელია და შემუშავებულ განვითარების გეგმას კარგად ახორციელებს. მისივე განცხადებით, უახლოესი სამი წლის განმავლობაში კომპანია უკვე IPO-ზე გასასვლელადაც მზად იქნება.