საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ძალაში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შედის. აღნიშნულის შესახებ ქართულ მხარეს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში ჩინეთის კომერციის მინისტრმა აცნობა.
რეგიონში საქართველი პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე "საქმის კურსთან" აცხადებს, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პირობებში საქართველოში წარმოებული პროდუქციის 94% ჩინეთის ბაზარზე ნულოვანი საბაჟო ტარიფებით გავა.
"ყველა ის პროდუქცია, რომელსაც გააჩნია საქართველოში წარმოების პოტენციალი, გათავისუფლდება და მოხვდება ნულოვანი ტარიფის ქვეშ", - განუცხადა "საქმის კურსს" ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ.
ჩინეთის შემდეგ კიდევ ერთი ქვეყანა, რომელთანაც შესაძლოა საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმოს ინდოეთია. მიზანშეწონილობის კვლევა, რომელსაც ქართული მხარე ატარებდა, უკვე დასრულდა.