"ქართული ოცნება" ცესკო-ს საბოლოო შედეგებს და მაჟორიტარების მეორე ტურებს არ ელოდება და საკონსტიტუციო ცვლილებებს აანონსებს. უკვე ცნობილია, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლის შემთხვევაში პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე მუშაობა დაიწყება. ასევე იგეგმება ოჯახის დეფინიციის განსაზღვრა და პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის შესაძლებლობაც.
კონსტიტუციაში მოსალოდნელ ცვლილებებს ეხმაურება „რესპუბლიკური პარტია.“ როგორც ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, საკონსტიტუციო კომისიამ არსებობის მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი წინადადება შეიმუშავა, მათ შორის იყო სასამართლო ხელისუფლებაში ცვლილებების შეტანა, პროკურატურის რეფორმა და პარლამენტის უფლება-მოსილებების ზრდის საკითხი. ხმალაძე თვლის რომ რიგი საკიხების ცვლილება კონსტიტუციაში აუცლებლად შესატანია, თუმცა მისი თქმით, ეს პროცესი არსებულ რეალობაში გარკვეული რისკების შემცველია.
"ამ პარლამენტში როგორც ჩანს საპარლამენტო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ექნება, რაც ერთის მხრივ მათ შესაძლებლობას აძლევთ ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილება გაატარონ, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს დიდ საფრთხეს შეიცავს. მინდა იმედი ვიქონიო, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი გაითვალისწინებს სხვათა წარსულ შეცდომებს და თავად იმავე ფოცხს არ დააბიჯებს ფეხს, რომლის ტარმაც თავში მოხვედრა იცის ხოლმე.“ - აცხადებს ხმალაძე.
აქვე ხმალაძე თვლის, რომ ქორწინების დეფინაციის განსაზღვრა მხოლოდ მოსახლოების კონკრეტული ჯგუფების გულის მოგების მცდელობაა და მის კონსტიტუციაში ასახვა არ უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, რესპუბლიკელები თვლიან, რომ პროცესი ამრჩევთა კოლეგიის მიერ უნდა განხორციელდეს, თუმცა მას რიგ საკითხებში უფლება-მისილებები უნდა გაეზარდოს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთელ რიგ საკითხევში პრეზიდენტის ფუნქცია და როლი უნდა გაიზარდოს, მაგრამ რაც შეეხება არჩევნების წესს, უნდა გამოვიყენოთ კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკელებისთვის დამახასიათებელი წესი. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა პრეზიდენტებს არ ირჩევენ პირდაპირი წესით. პრეზიდენტები ჩვეულებრივ ირჩევიან უფრო მეტი ვადით, ვიდრე არის პარლამენტის უფლება-მისილების ვადა. ამიტომ ერთ შემთხვევაში თუ მისი არჩევისას ერთი პოლიტიკური ძალა არის დომინანტი, 5 წლის შემდეგ უკვე სხვა პარლამენტია და იქ შეიძლება სხვა პარტია იყოს დომინანტი, ამით კი პრეზიდენტის ნეიტრალურობაა დაცული. ამიტომ კარგი იქნება ამ თემებზე მუშაობისას დასკვნები ქვეყნისთვის სასარგებლოდ იქნას გამოტანილი“ - განაცხადა ხმალაძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის მმართველ გუნდს მინიმუმ 113 დეპუტატი სჭირდება, ამ დროისთვის კი მათ დაახლოებით 69 მანდატი აქვს. ვინ რამდენი მანდატით იქნება წარმოდგენილი მეცხრე მოწვევის პარლამენტში ამას უკვე მეორე ტურის შედეგები გადაწყვეტს.