Home
Category
TV Live Menu

"ონკანში წყლის წამოსვლამდე, ჰაერი მოდის, მრიცხველს ატრიალებს და მომხმარებელი წყლის ნაცვლად, ფულს ჰაერში იხდის"

57e23b0507543
დავით ჯალაღონია
21.09.16 11:45
1064
ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილის ინფორმაციით, რეგიონებში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მრიცხველები გაუმართავად მუშაობს. როგორც სალომე ვარდიაშვილმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, ტექნიკურად გაუმართავი მრიცხველები პრობლმებს განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილს უქმნის, რომელთაც წყალი გრაფიკით მიეწოდება.

მისივე ინფრმაციით, გაუმართავი მრიცხველების პრობლემა განსაკუთრებით, კახეთისა და იმერეთის რეგიონებშია.

„რეგიონები მთლიანად დაქსელილი არ არის. 21-ე საუკუნეში წყლის პრობლემა ბევრ სოფელში და დიდ რაიონში გვაქვს. გარდა ამისა, მომხმარებლებს, რომლებსაც წყლის მრიცხველი აქვთ და ამასთან, წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, ასეთი პრობლემა აქვთ - სანამ ონკანში წყალი წამოსვლას დაიწყებს, ჰაერი მოდის, რომელიც მრიცხველს ატრიალებს და მომხმარებელი ჯერ კიდევ წყლის ნაცვლად, ფულს ჰაერში იხდის. ეს იმით არის გამოწვეული, რომ მრიცხველებს უკუსარქველი არ აქვთ და ტექნიკურად გაუმართავია“, - აცხადებს ენერგოომბუდსმენი.

სალომე ვარდიაშვილი წყლის ხარისხის პრობლემებზეც საუბრობს.

„„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ პროდუქტის უსაფრთხო მიწოდების ვალდებულება აქვს, მაგრამ ესაც დარღვეული იყო მოცემულ მომენტში. მსგავსი ფაქტები შარშან, ლაგოდეხსა და ახალქალაქში გამოვავლინეთ. ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იქ წყალი შეამოწმა და მდგომარეობა სავალალო აღმოჩნდა. წყალში ძალიან ცუდი შენარევები იყო, რაც მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს შეიცავდა“, - განმარტავს სალომე ვარდიაშვილი.

რეგიონებში წყლის მიწოდებისა და პროდუქტის ხარისხის პრობლემებზე ენერგოომბუდსმენის აპარატი მუშაობს და 2016 წლის ანგარიშში ამ საკითხს მნიშვნელოვან თავს დაუთმობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day