მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონში ცვლილებების პროცესში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც იქნებიან ჩართული, - ამის შესახებ პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა.
მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი კანონმდებლობა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც მისი განხილვა დაიწყება.
კონკრეტულად თუ რა ცვლილებებზეა საუბარი, ეს ჯერ-ჯერობით მიკროსაფინანსო რგანიზაციებისთვისაც უცნობია.
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მიიჩნევს, რომ ონლაინ სესხების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირება ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. „ეს აბსოლუტურად განსხვავებული პროდუქტები და ეკონომიკის განსხვავებული სეგმენტია", - ამბობს მელიქიძე. მისივე თქმით, საპროცენტო განაკვეთების შესახებ კანონი დღეს არსებობს, თუმცა მისი იმპლემენტაცია აქტიურად არ მიმდინარეობს.
"არსებობს კანონი, რომელიც ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთების რეგულირებას, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ თვეში 2 პროცენტზე მეტი არ შეიძლება, რომ არსებობდეს, წლიური გამოდის მაქსიმუმი 24%, თუმცა ამ კანონის იმპლემენტაციას აქტიურად არ აქვს ადგილი.
ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ამ თემას ვუყურებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხიდან და სახელმწიფოს არ აქვს სურვილი, რომ მეტი რეგულაცია იყოს. მიდგომა არის მომხმარებელთა უფლებებიდან გამომდინარე. მომხმარებლები ძალიან ბევრ პრეტენზიას აყენებენ საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით, ასევე გარკვეულ პროცედურებთან დაკავშირებით, ამოსავალი წერტილი არ არის რეგულაციები, ამოსავალი წერტილი ხალხის ინტერესებია.
ონლაინ სესხებთან დაკავშირებით კანონი არ არსებობს და ეს თემა რეგულირების ქვეშ დასაყენებელია - ეროვნული ბანკი ამ თემაზე აქტიურად მუშაობს. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ონლაინ სესხი გამოტანილი და ძალიან ბევრი ადამიანი არის ამის გამო მოხვედრილი შავ სიაში, რაც შემდეგ მათაც პრობლემებს უქმნით და ფინანსურ ინსტიტუტებსაც“, - ამბობს მელიქიძე.