საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ონლაინ-სესხების რეგულირებასთან დაკავშირებით, ონლაინ-სესხების კომპანიებთან კონსულტაციას და მათი პოზიციის მოსმენას არ გამორიცხავს. როგორც კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სებ-ის შეთავაზებები მთავრობაში უკვე გადაგზავნილია და საკითხს ახალი მოწვევის პარლამენტი განიხილავს.
"ჩვენი შეთავაზებები წარდგენილია მთავრობაში და ახალი მოწვევის პარლამენტი განიხილავს ამ შეთავაზებებს და შემდეგ ცნობილი გახდება ამ შეთავაზებების შინაარსი. მათ საფუძვლად დაედო ის გამოცდილება რომელიც აქვს კანადას, ბალტიისპირეთის ქვეყნებს და სხვა რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას. ასევე იგეგმება და შესაძლოა იყოს კონსულტაციები სექტორთან რათა უკეთ დავინახოთ რას ფიქრობენ ისინი. ზოგადად საკითხს ახალი მოწვევის პარლამენტი განიხილავს", - განაცხადა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, ონლაინ-სესხების კომპანიების რეგულირებაზე აქტიურად საუბრობს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მიმდინარეობს საერთშორისო პრაქტიკის გაცნობა თუ როგორ შეიძლება აღნიშნული კომპანიების რეგულირება. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას გაუსვა ხაზი კობა გვენეტაძემაც, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია.