საქართველოში მოქმედ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებებზე საუბრობენ. ცოტა ხნის წინ კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზარი შეისწავლა. შესწავლის შემდეგ სააგენტომ დაასკვნა, რომ ეჭვები გონივრულობის ტესტს ვერ უძლებს და შესაბამისად, ეს ბაზარი ამ ეტაპზე კონკურენტულია.
ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე "ბიზნესკონტაქტთან" პარლამენტარი, PSP დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი საუბრობს.
- არის თუ არა თქვენი აზრით, დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლია?
- არის თუ არა თქვენი აზრით, დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლია?
- ათი წელიწადი იძახდნენ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიაა. ამით დარგი ძალიან სერიოზულად დააზიანეს. იმიტომ, რომ ეს დარგი პრაქტიკულად ფსიქოლოგიურ ტერორში იყო. იმიტომ რომ, როდესაც პრეზიდენტები, პრემიერები, მინისტრები იძახიან, რომ აქ მონოპოლიაა და ამას უნდა ვებრძოლოთ, ესე იგი, შენ ამ კომპანიებს ებრძვი. ათი წლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ არანაირი მონოპოლია არ არის. ათი წლის მანძილზე ეს კომპანიები, მწარმოებლები და ფარმაცევტული ბაზარი უფრო განვითარდებოდა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები რომ არ ყოფილიყო.
- რატომ მოხდებოდა ასე?
- იმიტომ, რომ ბიზნეს ფსიქოლოგია შემდეგნაირად მუშაობს: როდესაც გამოდის მაღალი თანამდებობის პირი , მტკიცებულებით ფორმაში და არა კითხვით ფორმაში აცხადებს, რომ აქ მონოპოლიაა, ბიზნესი კი ფიქრობს, რომ უკვე აქ რისკი, საშიშროებაა და შეიძლება ბრუნვის 5%-ით დააჯარიმონ, რის გამოც შესაძლოა გაკოტრდეს და რისკებზე არ მიდის, სესხებს არ იღებს საექსპორტო ბაზრების დასაპყრობად და თავის ნაჭუჭში იკეტება, ანუ თავის განვითარებაზეც არ ფიქრობს. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკაც არ მიდის წინ და ეს მხოლოდ ერთ დარგს არ ეხება.
- თქვენ არა ერთხელ გისაუბრიათ სადაზღვევო რისკებთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უნდა შეეცადოს, რომ ის ამ ბაზარზე კერძო სექტორის პირდაპირი კონკურენტი არ გახდეს. დღეს რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით?
- ჯერჯერობით ეს კონკურენცია არ არის. იმიტომ, რომ საყოველთაო დაზღვევა მოსახლეობას სიკეთის თავის წილს და კერძო სადაზღვევო სექტორი კი თავის წილს აწვდის. ჯერჯერობით კონკურენციას ვერ ვხედავ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ზოგადად დიდი დარტყმა იყო სადაზღვევო ბაზრისთვის, რომელიც ჯანმრთელობის ნაწილში ყველაზე დიდია, დაახლოებით 140-150 მილიონი ლარია და პრაქტიკულად ეს ბაზარი მინუსშია. პირადად ჩვენი კომპანია მინუსშია. როდესაც კონკურენციის შეზღუდვაზე, კარტელურ გარიგებებზე საუბრობენ, ალბათ კომპანიებმა ზემოგებები უნდა მიიღონ და მთელი ბაზარი წაგებაშია და როგორ შეიძლება საუბარი იყოს კარტელურ გარიგებებზე, ეს ჩემთვის გაუგებარია და ასეთი აგრესიული ფორმა ჩემთვის მიუღებელია.