აგრარულ საკითხთა კომიტეტი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახალ პროგრამაზე - სოფლის განვითარების მოდელზე მუშაობს. ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს"კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ განუცხადა, რომელიც საკანონმდებლო საქმიანობის დაწყებამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა.
"ეს გახლავთ ჩვენთვის ახალი, მაგრამ განვითარებული სამყაროსთვის აპრობირებული პრაქტიკა, როდესაც სოფლის განვითარების მოდელი იქმნება, რაც გულისხმობს იმას, თუ რა არის სოფელი და რა კომპონენტები უნდა იყოს წარმოდგენილი. აქ საუბარია მინიმუმ იმაზე, რომ პირობები გათანაბრდეს და რაც ქალაქშია, იგივე პირობები უნდა იყოს სოფელში - უნდა იყოს გაზიფიცირებული, ელექტროფიცირებული და ყველა პირობა უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ იქ ხალხი მაქსიმალურად დამაგრდეს და ურბანიზაციის პროცესის ხელშეწყობა არ მოხდეს", - განაცხადა დანელიამ და განმარტა, რომ მოქმედი მთის კანონის მიხედვით, მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის შეთავაზებული მოდელი განსხვავებულია იმისგან, რაზეც ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს.
"მთის კანონი კიდევ უფრო სხვა კვალიფიკაციაა - განსაკუთრებული ხელშეწყობა აქვთ მთის რეგიონებს. ამ შემთხვევაში კი საუბარია ზოგადად სოფლებზე, მათ შორის, ბარში მდებარე სოფლებზე. ახლა სამუშაო პროცესია და პროგრამის ინიცირებას ჩვენ სამინისტროსთან ერთად განვახორციელებთ", - აღნიშნა დანელიამ.