Home
Category
TV Live Menu

ოთარ დანელია: გვესმის, რომ სუბსიდია არ არის სწორი ფორმა, მაგრამ დღემდე იგი აუცილებლობიდან გამომდინარეობდა

584bfbaf02e7b
BM.GE
10.12.16 16:43
1087
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში 2016 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის პოპულარიზაცია, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს. სააგენტო თავის აქტივობებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მუდმივი კონტაქტის, ასევე მეღვინეობის სფეროში მოქმედ სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობის რეჟიმში ახორციელებს.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ანგარიშის წარდგენის შემდეგ კომიტეტის წევრთა კითხვებსაც უპასუხა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გელა სამხარაულის განცხადებით, - დარგში ზოგადად კარგი მდგომარეობაა და სამომავლო პერსპექტივებზეც შეიძლება საუბარი, თუმცა მკაფიოდ უნდა განისაზღვროს მეღვინეობის განვითარების გზა, რა ნიშა უნდა დავიკავოთ როგორც მსოფლიო ბაზარზე, ასევე ქვეყნის შიგნით. მისი აზრით, ხელი უნდა შეეწყოს პატარა მეურნეობების შექმნას მათი მრავალფეროვნებიდან და სხვადასხვა ხარისხობრივი თვისებებიდან გამომდინარე. გელა სამხარაულის აზრით, ამისათვის ახალი მექანიზმებია ასამოქმედებელი.

„ჩვენი მეღვინეობის მომავალი მე ასე წარმომიდგება - იყოს ბევრი, პატარ-პატარა კომპანია, საოჯახო მეურნეობები, რომლებიც აწარმოებენ თავიანთ უნიკალურ პროდუქციას. არ შეიძლება სახელმწიფო მუდმივად სუბსიდიას იხდიდეს, ეს იყო არასწორი მიდგომა წლების განმავლობაში და ჩვენ ნელ-ნელა უნდა გამოვიდეთ ამ მახინჯი ფორმიდან, სადაც წახალისებულია რაოდენობა და არა ხარისხი. თუ ხარისხი არ გავაუმჯობესეთ, რაოდენობით ვერავის ვაჯობებთ. მიმაჩნია, რომ დამატებით რაღაც პროგრამაა შესაქმნელი სწორედ ასეთი მცირე მეურნეობების ხელშეწყობისათვის და მეტი ძალისხმევაა საჭირო ამ მიმართულებით“ - განაცხადა გელა სამხარაულმა.

კომიტეტის სხდომის შედეგების შეფასებისას, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემოთარ დანელიამ განაცხადა, რომ თავისთავად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად ოთხი არასრული წლის მანძილზე უკვე 525 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ამ ოთხი წლის მანძილზე ქართველი მევენახეების, გლეხების ოჯახებში ნახევარ მილიარდამდე ლარის შემოსავალი შევიდა. მისი თქმით, ეს უკვე იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანამ ახალი მიმართულებით გადადგას ნაბიჯი - მევენახეობა იყოს რაც შეიძლება ნაკლებად სუბსიდირებული, ინდუსტრია განვითარდეს და დარგი გახდეს მდგრადად განვითარებადი.

„გვესმის, რომ სუბსიდია არ არის სწორი ფორმა, მაგრამ დღემდე იგი აუცილებლობიდან გამომდინარეობდა. სახელმწიფო ყველაზე ნაკლებად უნდა ჩაერიოს იქ, სადაც არ არის ამის აუცილებლობა, განსაკუთრებით მეღვინეობაში. ამასთანავე, აუცილებელია შეფასდეს ის გარემოება, რომ დღეს მევენახეობა უკვე არის წარმატებული დარგი, ქართული მევენახეობა არის პოპულარული, მათ შორის მცირე მარნები, რომელთა რაოდენობა გაზრდილია 50-ჯერ. ამ მიმართულებით უნდა მოხდეს ხელშეწყობა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ფასდაუდებელია ღვინის ეროვნულ სააგენტოს საქმიანობა. „შესაძლოა ეს იქცეს კიდევაც კარგ სახელმძღვანელოდ სხვა პროდუქტების ხელშეწყობის და პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო მეტი მუშაობა მოგვიწევს, ვინაიდან სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამები ითვალისწინებს სწორედ კონკურენტუნარიანობის მაქსიმალური ხელშეწყობის პირობებში ქართული პროდუქტების პოპულარიზაციას სხვადასხვა ქვეყანაში“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ტურიზმის თვალსაზრისით და მათ შორის, მეღვინეობის ტურიზმი არის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება და ამ მხრივ ხელშეწყობა უნდა გაგრძელდეს, ხელშეწყობა პარლამენტის მხრიდანაც იქნება მისი კომპეტენციის ფარგლებში.

Subscribe to our news

Get the main news of the day