სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მეორე დღეა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ადგილზე მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისიაც. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით მარტვილის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა, სადაც ათასობით ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია დატბორილი.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკა.
სამინისტროს ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს სადრენაჟე არხების გაწმენდითი სამუშაოები, რათა დატბორილი ფართობებიდან ჭარბი წყლის მოშორება დროულად მოხდეს.
"რეგიონში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და სავარაუდოდ ზარალიც დიდი იქნება. მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დაახლოებით 2 ათას ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული მთლიანად წყლით იყო დაფარული. ამ ეტაპზე წყლის დონემ დაიწია და 600 ჰა-მდე დატბორილი ფართობია დარჩენილი. სამელიორაციო ტექნიკა აქტიურად მუშაობს, რათა დროულად მოხდეს ფართობების დრენირება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.