ევროზონაში გაერთიანებული ქვეყნების მიერ კავშირის დატოვების ბუნდოვანი სტრატეგია, ევროზონის შემქმნელების სერიოზულ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს - აცხადებს ერთიანი ევროპული ვალუტის, ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფესორი ოტმარ ისინგი, BBC-სთან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. მისი თქმით, ისეთი ქვეყნების ეკონომიკურმა არასტაბილურობამ, როგორებიც არის მაგალითად საბერძნეთი, პორტუგალია და იტალია, ევროზონის შიგნით ღრმა დისბალანსი შექმნა. ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი წამყვანი ეკონომისტი ასევე აღნიშნავს უარყოფითი საპროცენტო განაკვეთების ნეგატიურ გავლენას და ცენტრალური ბანკების თავისუფლების შეზღუდვას, მათზე პოლიტიკური გავლენების გაძლიერების გამო.
ევროზონის მთავარი პრობლემა, სტრუქტურული სირთულეები და სავალუტო კავშირის მიმართ, საზოგადოების მხრიდან გაზრდილი უკმაყოფილება სახელდება.
„მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ევროპული ვალუტა სტაბილურია და გაცილებით უკეთეს მაჩვენებელზეა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, რასაც სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ევროზონაზე. ხოლო ის ქვეყნები, რომლებმაც გლობალური ფინანსური კრიზისის დროს მთელი ევრობლოკი რეცესიის საფრთხის წინაშე დააყენა, დღემდე სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემად რჩება გაერთიანებაში. ამის კარგი მაგალითია საბერძნეთი, რომელიც პერმანენტულად კრიზისში იმყოფება, ხოლო რაც შეეხება იტალიასა და პორტუგალიას, ამ ქვეყნებში ეკონომიკური რეფორმების უმრავლესობა შეჩერებული ან საერთოდ გაუქმებულია“.
ინფორმაციისთვის, წლების წინ ისინგი იყო გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მრჩეველი და შესაბამისად მონაწილეობა მიღებული აქვს ერთიანი ევროპული სავალუტო კავშრის შექმნაში, რაც შეიძლება ითქვას, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში საუკეთესო გადაწყვეტილებაა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეკონომისტი უწყვეტად აღნიშნავს, რომ სამომავლოდ კავშირი დიდ პრობლემებს გამოიწვევს და შეიძლება ითქვას, რომ საშიშიც კი არის. ასევე აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ევროზონა შეიძლება ჩამოინგრეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი აუცილებელი ეკონომიკური თუ სხვა სახის რეფორმები არ განხორციელდება.
ასევე, ეკონომისტი აცხადებს, რომ შეცდომა იყო ისეთი კავშრის შექმნა, რომელში გაერთიანებაც თავისთავად გულისხმობს სამუდამო წევრობას. შესაბამისად, ქვეყნებს, რომლებიც პასუხს არ აგებენ ევროზონის ეკონომიკურ და საბიუჯეტო წესებზე, თავისუფლად შეუძლიათ, ასე ვთქვათ „დააშანტაჟონ“ ყველა სხვა დანარჩენი.
იმ შემთხვევაში თუკი ევროსაბჭოს წესები მისცემდნენ წევრ ქვეყნებს დროებით გაერთიანების დატოვებას, ისეთი ქვეყანა, როგორიც არის მაგალითად საბერძნეთი, ვალდებული იქნებოდა კავშირი დაეტოვებინა, მოეწესრიგებინა საკუთარი ეკონომიკა და უკვე სტაბილური ფინანსური მდგომარეობით დაბრუნებულიყო კვლავ წევრად, ეს რაც შეეხება საბერძნეთს, ხოლო დანარჩენს ვიტყვი, რომ ზოგიერთი ქვეყანა საერთოდ არ უნდა გაერთიანებულიყო ევროზონაში.
რა თქმა უნდა, ეკონომისტმა კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ზოგიერთი ქვეყანა არ იყო მზად ერთიანი ფულად-საკრედიტო პოლიტიკისთვის და ერთიანი ცენტრალური ბანკის არსებობისთვის. გარდა ამისა, საგულისხმოა ცენტრალური ბანკების შიდა პოლიტიკია და სტრატეგიები, რომლის თანახმადაც, ბანკები ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით, უარყოფით საპროცენტო განაკვეთებს იყენებენ. ამ მეთოდით კი სარგებლობენ მაგალითად, იაპონიის, შვეიცარიისა და შვედეთის საფინანსო ინსტიტუტები. თუკი მსგავსი პოლიტიკა გაგრძელდება, შედეგად თვალნათლივ დავინახავთ პრობლემებს საკრედიტო ორგანიზაციებსა და საპენსიო სქემებზე, ხოლო რაც უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთებს შესთავაზებენ მომხმარებელს, მით უფრო რთული იქნება მსგავს სტრატეგიაზე უარის თქმა. გარდა ამისა, ცენტრალური ბანკები ერთვებიან პოლიტიკაშიც, იმისათვის, რომ საკუთარი დამოუკიდებლობა სწორედ ამ გზით მოიპოვონ, რაც კადეგორიულად დაუშვებელია.
რაც შეეხება „ბრექსიტს“, ისინგის თქმით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი თუ რა ზეგავლენას მოახდენს ეს ფაქტი ევროკავშირზე, თუმცა ერთი ნათელია, ლონდონი, როგორც ევროპის ფინანსური ცენტრი, სტატუსს კარგავს. ასევე ბრიტანეთის დედაქალაქი ევროკავშირის დატოვების შედეგად ვეღარ ინარჩუნებს უპირატესობებსა და რაც მთავარია თავისუფლებას.