Home
Category
TV Live Menu

"ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ, დავასრულოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი"

57c5793f1b0fe
BM.GE
30.08.16 16:10
977
"ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება ერთიანი “ბიზნეს სახლის" გეგმის პრეზენტაცია, სადაც გაერთიანდება სხვადასხვა სამინისტროების მომსახურების სერვისები“, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სივრცით განვითარებაზე და ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებას ხელისულება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს.

"ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ, დავასრულოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, სარფიდან დაწყებული წითელ ხიდამდე და სადახლომდე. ასევე ავაშენოთ თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანი”, - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მცხეთა-ლარსის გზის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ საჭირო იქნება პარტნიორობა, რათა ეს ავტობანი მივიდეს ვლადიკავკაზამდე. მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია გზის მშენებლობა ქუთაისიდან ცაგერის და ლენტეხის გავლით სვანეთისკენ, გვირაბების მეშვეობით.

"უკვე უახლოეს პერიოდში დაიწყება ლენტეხიდან შემოვლითი გზის მშენებლობა მესტიის მიმართულებით, უშგულის გავლით, მაგრამ ეს გზა საკმარისი არ იქნება კურორტ თეთნულდის განვითარებისთვის. ამიტომ იქ საჭიროა გვირაბების აშენება. ასევე ვფიქრობთ, რომ ქუთაისიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალი გზა ოთხ წელიწადში ავაშენოთ. დაწყებულია დაპროექტების სამუშაოები. ეს იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქუთაისი გავხადოთ ქვეყნის შიდა ჰაბი”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

Subscribe to our news

Get the main news of the day