საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში, ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე იქმნება. განკარგულების პროექტს „ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგიის“ შესახებ, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
სტრატეგიის დამტკიცებასთან ერთად, იქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. ჯგუფის მუშაობაში აქტიურად იქნება ჩართული იუსტიციის სამინისტრო.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რეფორმების გამოცხადების დღიდან, აღწერილია 500-ზე მეტი მომსახურება და შედგენილია იმ მომსახურებების სრული ნუსხა, რომელსაც კერძო სექტორი მთავრობის მხრიდან იღებს.
„ახლა მნიშვნელოვანია, შეიქმნას ერთიანი, როგორც ფიზიკური, ისე ციფრული სივრცე, რათა ეს მომსახურებები იქნას მაქსიმალურად ეფექტიანად მიწოდებული, სახელმწიფო გახდეს უფრო მეტად სერვისებზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ამის მიზანია ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად მომხიბლავი ბიზნესგარემოს შექმნა ამ მიმართულებით მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რათა კიდევ უფრო შემცირდეს, მათ შორის, კორუფციის რისკებიც, ამ სერვისების მიწოდების დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მიმართულებაზე.
ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით, საგადასახადო ლიბერალიზაციის პაკეტი დამტკიცებულია პარლამენტის მხრიდან; საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით, ფუნდამენტური რეფორმები დაიწყო და ხორციელდება; განათლების რეფორმის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გეგმები. სანდრო ჯეჯელავას, უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. სივრცითი განვითარების მიმართულებით, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ - ჩართულია ყველა უწყება, პირველ რიგში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვმუშაობთ პროექტების დაჩქარების გეგმაზე, ძალიან ბევრი პროექტი უკვე გამოცხადდა ერთიან პაკეტად. მომავალი წლიდან, ჩვენ ერთიანი ფრონტი გვექნება გახსნილი მთელი საქართველოს მასშტაბით და ვფიქრობთ, ეს გარღვევას მოიტანს, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.