სარეკლამო კომპანია Outdoor.ge-ს გენერალური დირექტორის კონსტანტინე ჭავჭანიძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში სარეკლამო ბიზნესში შემოსავლების ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა. როგორც Outdoor.ge-ს ხელმძღვანელი აცხადებს, შემცირება დაახლოებით 30%-35%-ია.
"პირდაპირ შემიძლია გითხრათ, 7 წელია ამ ბიზნესში ვარ და დეკემბერი ყოველთვის ითვლება ჩვენი ბიზნესისთვის ყველაზე კარგ პერიოდად. ამ დროს ბიზნესს მოაქვს შეკვეთები და რეკლამა. წელს რომ იყო, ასეთი ცუდი დეკემბერი მე არ მახსოვს. იმედები არის, რომ ლარი დასტაბილურდება, რეკლამის მოთხოვნა გაიზრდება, თუ არადა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით",- აცხადებს სარეკლამო კომპანიის დირექტორი.
მისი თქმით, შემცირება ყველაზე მეტად ოქტომბერ-ნოემბერში იგრძნეს, მას შემდეგ, რაც საარჩევნო შეკვეთების შეწყდა.
"ალბათ მაინც ლარს უკავშირდება ეს შემცირება. ზოგადად, ძალიან მძიმე მდგომარეობაა სარეკლამო ბაზარზე. ეკონომიკური მდგომარეობა პირველად სწორედ ჩვენზე აისახება, პატარა კრიზისც კი პირველი ურტყამს სარეკლამო ბიზნესს, რადგანაც რეკლამა ბიზნესისთვის მაინც ფუფუნების საგნად ითვლება. პირველ რიგში, თუ კომპანია ბიუჯეტს ამცირებს, ამცირებს ამ მიმართულებით.
მაგალითად 2016 წელს არჩევნები იყო და ნორმალურად გავიარეთ, თუმცა, კრიზისი შეგვეტყო ოქტომბერ-ნოემბერში. არჩევნები როგორც კი დასრულდა, დაიწყო ჩვენი დაღმასვლა",- აცხადებს სარეკლამო კომპანიის დირექტორი.