ZARA -სთვის ჯინსების მწარმოებელი გურიაში 1.7 მილიონიან ინვესტიციას 2 წლის ვადაში ჩადებს. სწორედ ამ პირობით გადაეცა კომპანიას ოზურგეთში 89 000 კვადრატული მეტრიანი ტერიტორია, სადაც საფეიქრო და ტექსტილის სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნება, - თემის დეტალებით გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ ’’ოზურგეთი გარმენთის“ დირექტორის თანაშემწე მინდია გურგენიძე საუბრობს.
-ბატონო მინდია, როდის იწყება აქტიური სამუშაოები იმისთვის, რომ ოზურგეთს ახალი საწარმო შეემატოს?
-ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამ რეგიონში კონსულტაციებს გავდივართ. როგორც ცნობილია, ადგილი უკვე შერჩეულია. გუშინ უკვე ეკონომიკის სამინისტროში მოვაწერეთ ხელი ’’აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამის ფარგლებში, საიდანაც გადმოგვეცა ქონება და ხვალიდან აქტიურ მუშაობას დავიწყებთ. დროის დასაზოგად არის კოლეჯი ოზურგეთში, რომლის კურსდამთავრებულებთან კონსულტაციას გავდივართ, ისინი ტრენინგებს გაივლიან, სანამ ფაბრიკაში სრული დატვირთვით დაიწყება მუშაობა.
-დაახლოებით რა დრო გაქვთ გათვლილი იმისათვის, რომ ყველა ეს წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატაროთ, მათ შორის, ინფრასტრუქტურა მოაწყოთ და ფაბრიკაში დასასაქმებელი თანამშრომლები გადაამზადოთ?
- ჩვენ დროს არ დავკარგავთ, რადგან კოლეჯში კადრების გადამზადება პარალელურ რეჟიმში მოხდება და ასევე პარალელურად განხორციელდება ფაბრიკის რესტავრაციაც, რომელიც დაახლოებით 2-3 თვე გაგრძელდება. ჩვენ გადასამზადებლად 2-3 თვე ისედაც გვჭირდება და დროის ფაქტორით არანაირი დანაკარგი არ გვექნება.
-წინასწარ თუ არის ცნობილი რომელი ბრენდების ტანსაცმელი შეიკერება აღნიშნულ ფაბრიკაში?
-კი, რა თქმა უნდა. ჩვენი დამკვეთები არიან მსოფლიო ბრენდები Zara, Mango, Bershka, Massimo Dutti და სხვა. სულ 17 ბრენდული კომპანიაა, რომლებიც ევროპის ბაზრებზეა წარმოდგენილი და სადაც აღნიშნულ ბრენდებს ქსელური მაღაზიები აქვთ იქ გაიყიდება პროდუქცია.
-მათ შორის, საქართველოს ბაზრისთვისაც თუ იქნება ეს პროდუქცია გათვალისწინებული, რადგან ამ ბრენდების მაღაზიები საქართველოშიც არის წარმოდგენილი?
-პირდაპირი გაყიდვით არ იქნება, ჩვენ დამკვეთებს ცენტრალურ ოფისებში მივაწოდებთ და იქიდან მოახდენენ თავიანთ ქსელურ მაღაზიებში გადანაწილებას.
-დასაქმებას ვის შესთავაზებთ, ისინი ქართველები იქნებიან თუ უცხოელი პარტნიორების დახმარებით უცხოელების ჩამოყვანასაც აპირებთ?
-მადლობას გადავუხდი ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით აღნიშნული პროექტის ხელის შეწყობაში. ჩვენ გაწერილი გავქვს ყველა დრო კადრების მისაღებად და მათი გადამზადებისთვის. გადამზადებაში ადგილობრივი პედაგოგებიც იქნებიან ჩართული, რადგან ძალიან ბევრი გამოცდილი კადრია. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კადრები უცხოეთიდან არ შემოვიყვანოთ, თუ რა თქმა უნდა, ადგილობრივები დააკმაყოფილებენ პირობებს. თუ საჭირო იქნება ჩამოვიყვანთ, რადგან იქ სულ სხვა სამკერვალო განათლება აქვთ, უფრო სპეციფიკური. როდესაც სფერო პედაგოგისთვის უცხო არ არის, ადვილად აითვისებს და ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი პედაგოგების დახმარებით შევძლებთ ამ ყველაფერს. ჩვენთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა უპირატესობა, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს ექნება და იმ ადამიანებს, რომლებსაც გამოცდილება აქვთ და გადამზადებულები იქნებიან. ასევე შრომისუნარიან საშუალო ასაკის მოქალაქეებსაც დავასაქმებთ აუცილებლად.
-რამდენი ადამიანის გადამზადებას აპირებთ და საერთო ჯამში რამდენი ადამიანი დასაქმდება?
-გამოცდილება უნდა მივიღოთ საქართველოში, ადგილობრივ ბაზარს უნდა შევეგუოთ და ჯერჯერობით 300-დან 500-მდე ადგილობრივ ადამიანს დავასაქმებთ და დაახლოებით ორი წლის შემდეგ უკვე 2 ათასზე მეტი დასაქმებული გვეყოლება, რაც დაახლოებით 10 მილიონის ინვესტიციას ითვალისწინებს.
-რატომ გადაწყდა ამ ფაბრიკის გაკეთება ოზურგეთში და ბიზნესისთვის ამ შემთხვევაში მთავარი კომფორტი რა არის?
-უპირველესად ის, რომ ოზურგეთი უძველესი დროიდან საფეიქრო ქალაქად არის აღიარებული. ჩვენ ასაკობრივი ზღვარი არ გვექნება, რა თქმა უნდა, არასრულწლოვანებს არ ვგულისხმობ. იქ არის საშუალო და უფრო მაღალი ასაკის გამოცდილი კადრები, რომლებიც აღნიშნულ სფეროში ნამუშევრები არიან და მათ დასაქმება უფრო რეალური იქნება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ოზურგეთისთვის ეს ბიზნესი უცხო ხილი არ არის. საქართველოში სხვა ადგილებში ასეთი პერსპექტივა არ გვქონია. როდესაც საქართველოს დასაქმების გეგმას გადავხედეთ, გვინდოდა, რომ ისეთი ადგილი აგვერჩია, სადაც დასაქმების უფრო მცირე პერსპექტივაა. ბათუმში, თბილისში, ქუთაისში დასაქმების პრობლემა შედარებით არ არის.
ჩვენ თურქეთში ორი ფაბრიკა გვაქვს, ჩვენი პარტნიორი კომპანიაა თურქული კომპანია Baykanlar-ი და სრულ ციკლს აქ არ ვაწარმოებთ. საქართველოში ჯინსები პირველად ჩვენთან შეიკერება, რადგან ასეთი საფეიქრო სხვაგან საქართველოს ფარგლებში არ არის. ეს კომპანიები ჩვენთან ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი. თავიდან წარმოება შიდა გადამუშავების რეჟიმით იქნება. შეკვეთები დიდი რაოდენობით გვქონდა და სწორედ ამან განაპირობა საქართველოში ბიზნესის დაწყება.