Home
Category
TV Live Menu

"პარლამენტში ღიად პრორუსული ძალის შესვლა ევროპელი ინვესტორებისთის კარგი სიგნალი არ იქნება"

57fcf6b40b7e8
BM.GE
11.10.16 18:24
1113
“პოსტსაბჭოთა ისტორიაში პირველად, საქართველოში 2016 წელს პირველად გახდა შესაძლებელი ის ფაქტი, რომ პრორუსული ორიენტაციის მქონე პარტიამ შესაძლოა ბარიერი გადალახოს და პარლამენტში შევიდეს“, - მსგავსი სათაურებით ცნობილი საერთაშორისო გამოცემები მთელი კვირის განმავლობაში აქვეყნებენ.

ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ინვესტორებისთვის არჩევნები თავისთავად პრობლემა არ არის, თუმცა პრობლემა ის მაშინ ხდება, როდესაც ქვეყანა კურსს იცვლის. რა გზავნილები მიდის დღეს ინვესტორებამდე და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ გზავნილების აღქმამ, - თემაზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ ეკონომისტი გიორგი ღაღანიძე საუბრობს.

- ბატონო გიორგი, რუსეთის ბაზარი გადაგვარჩენს, - ეს მითია თუ რეალობა?

- როგორც ყოველთვის კიდევ ერთხელ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ არ შეიძლება მთლიანად ერთ ბაზარზე ვიყოთ დამოკიდებული. მარტივი სტატისტიკაც რომ ავიღოთ, 2013 წელს მთელი ჩვენი ექსპორტის 44% რუსეთზე მოდიოდა, 2014 წელს - 62% და 2015 წელს - 45%. ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის მდგომარეობა, რაც 2006 წელს შეგვექმნა, როდესაც პრაქტიკულად დომინანტური წილი რუსეთის ბაზარი იყო და ამან უდიდესი დარტყმა გამოიწვია. ეს საკითხი მუდმივად დღის წესრიგში დგას. რუსეთი სამწუხაროდ, თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური მომენტების გათვალისწინებით, მდგრად და სტაბილურ ბაზარს არ წარმოადგენს. თვითონ რუსეთში ღვინის იმპორტს თუ შევხედავთ, ის 2015 წელს უკვე მკვეთრად შემცირებულია. ეს იმ სანქციების გავლენა გახლავთ, რაც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების პასუხს წარმოადგენდა ყირიმში რუსეთის ქმედებებზე. ამდენად, ასეთი არასტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს მქონე ქვეყანაში ექსპორტის მაქსიმალური რაოდენობით გატანა არასწორი იქნება.

- თქვენი დაკვირვებით, ბიზნესი ითვისებს იმ შესაძლებლობებს, რასაც DCFTA და ახლა უკვე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება აჩენს?

- ევროკავშირის პოტენციალი სრულად ათვისებული არ გვაქვს, ამაზე ელემენტარული დათვლების ნახვაც საკმარისია. პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთი დარგი უფრო ახლოს არის ამ შესაძლებლობების ათვისებასთან და ზოგი დარგი უფრო მეტ დროს საჭიროებს. ჩვენი მეღვინეებისთვის ევროკავშირში შესვლა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. 2015 წლის მონაცემებით, რუსეთის იმპორტიორებში იტალია ლიდერობს, შემდეგ საფრანგეთი, ესპანეთი და ჩვენ მეოთხე ადგილზე ვართ, ანუ რუსეთშიც იგივე ქვეყნებთან გვიწევს კონკურენციაში შესვლა, რა კონკურენციაშიც უნდა შევიდეთ, როდესაც ევროკავშირში ექსპორტს გავზრდით.

რასაკვირველია, ეს კიდევ უფრო რთული იქნება, იმიტომ რომ რუსეთში ცნობადობა უფრო მაღალი გვქონდა და ევროკავშირში ცნობადობა უფრო დაბალი გვაქვს. აუცილებელი და მნიშვნელოვანია რუსეთის ბაზრისა და მისი პოტენციალის ათვისება, მაგრამ კარგად გააზრებული დივერსიფიკაცია უნდა არსებობდეს.

- მედია ამონარიდები და განსაკუთრებით BBC-ის ბოლო გამოხმაურება, სადაც ამბობს, რომ პრორუსულმა პარტიამ შსაძლოა ზღვარი გადალახოს და საქართველოს პარლამენტში შევიდეს., -ინვესტორებისთვის ეს რა ტიპის გზავნილია, ხომ არ არის გაურკვევლობებთან დაკავშირებული?

- ჯერ ცოტა ნაადრევია იმის თქმა, რომ ქვეყანა რადიკალურად იცვლის კურსს. იმიტომ, რომ ’’ქართული ოცნება“ თავის თავს ყოველთვის პოზიციონირებდა, როგორც პროდასავლურ ძალას და ყოველთვის აცხადებდა, რომ ერთგულია ქართველი ხალხის არჩევანის, საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებისა, რომ ჩვენ ევროპაში, ევროკავშირში უნდა ვიცხოვროთ და ევროატლანტიკური სამეგობროს სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ. რაც შეეხება ღიად პრორუსული ძალის შესვლას, ეს რა თქმა უნდა, ევროპელი ინვესტორებისთის კარგი სიგნალი არ იქნება. თუ ჩვენ ჩვენი ინვესტიციების გეოგრაფიას გავაანალიზებთ, აღმოჩნდება, რომ წამყვანი ინვესტორები მაინც ევროპიდან არიან. იყო პერიოდი, როდესაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორი აზერბაიჯანი იყო, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში საერთო ინფრასტრუქტურულ პროექტებთან იყო დაკავშირებული. დასრულდება ეს პროექტები და ალბათ აზერბაიჯანი ჩვენთვის ასეთი აქტიური ინვესტორი აღარ იქნება. ახლა მთავარია რა ნაბიჯებს გადადგამს ახალი ხელისუფლება.

Subscribe to our news

Get the main news of the day