საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი მიწის მართვის სამსახურის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა პარლამენტში მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას განაცხადა.
დეპუტატის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გარემოს დაცვით სფეროში ლიცენზიების მართვის ფუნქციები ემატება, ლოგიკური იქნება ამ განახლებულ უწყებაში მიწის რესურსის მართვის მიზნით ახალი სამსახურის, ან დეპარტამენტის შექმნა.
„ოპტიმალური იქნებოდა მიწის მართვის სამსახურის, თუ დეპარტამენტის არსებობა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო აქამდე სხვადასხვა სამინისტროებში გაბნეული. რიგი იყო გარემოს დაცვის სამინისტროში, რიგი ეკონომიკის სამინისტროში. მიწის მართვის სამსახურს ევალება მიწის ბალანსის დადგენა, კატეგორიზაცია, ზონირება და ა.შ. თუ ეს ყველაფერი ერთ სამსახურში იქნება, მიწის განკარგვა უფრო გეგმაზომიერად და ეფექტურად მოხდება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.