სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა შეისწავლა და პოზიტიური დასკვნა დადო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი გახდა, გაუმჯობესდა როგორც პირველადი ჯანდაცვის სისტემა, ასევე სხვა სამედიცინო მომსახურებები. დაინერგა ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც მოწესრიგდა და გამარტივდა რიგების მართვა.
„თავისუფლებააღკვეთილ პირებს პენიტენციურ სისტემაში ხელი მიუწვდებათ როგორც პირველად სამედიცინო სერვისებზე, ისე მეორეულ ჯანდაცვაზე - ექიმ-სპეციალისტების მომსახურებაზე. ამასთან, გეგმური და გადაუდებელი ამბულატორიული, ასევე სტაციონარული მომსახურებების მიღების შესაძლებლობა უზრუნველყოფილია სასჯელაღსრულების №18 სამედიცინო დაწესებულებისა და სამოქალაქო კლინიკების საშუალებით, სადაც თავისუფლებააღკვეთილი პირები გადაჰყავთ შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში.“ - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა ნაკლოვანებებიც. სამედიცინო პერსონალის რაოდენობა დაწესებულებების მიხედვით არაერთგვაროვანია და ისეთ დაწესებულებებში, სადაც ბევრი მსჯავრდებულია, მომსახურების მიღებაზე რიგია.
"ხშირია შემთხვევები, როდესაც ბადრაგის თანხლებით ერთი დაწესებულებიდან გადაყავთ თითო პაციენტი ერთსა და იმავე საავადმყოფოში. შესაბამისად, რიგში დგომა პაციენტს უწევს ბადრაგირების ლოდინის გამო. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ საბადრაგო სამსახურის მიერ ერთი დაწესებულებიდან პაციენტების ერთდროული გადაყვანის შესაძლებლობა გარკვეულ შემთხვევებში არსებობს. თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია სასჯელაღსრულების სისტემის სპეციფიკურობა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები“- წერს აუდიტი.