Home
Category
TV Live Menu

"პირდაპირი ტრანზაქციების არარსებობის გამო, ირანიდან მსხვილი ინვესტიციები ვერ ხორციელდება"

57ba9cc810098
BM.GE
22.08.16 10:30
1271
საქართველოსა და ირანს შორის პირდაპირი ტრანზაქციების არარსებობის გამო, ირანიდან მსხვილი ინვესტიციები ვერ ხორციელდება, - ირანის გაერთიანებული სავაჭრო - სამრეწველო პალატის თანადამფუძნებელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ირანისთვის სანქციების მოხსნის მიუხედავად, ტექნიკური საკითხები კვლავ არ მოგვარებულა, რის გამოც საქართველოში მსხვილი ირანული კაპიტალის შემოსვლა ფერხდება.
 
"პრობლემა ჩვენი ხელისუფლებიდან არ მომდინარეობს და ის საერთაშორისო სანქციებს უკავშირდება. ტექნიკური საკითხები კვლავ არაა მოგვარებული და პირდაპირი ტრანზაქციები საქართველოსა და ირანს შორის ვერ ხორციელდება. ხელისუფლება საკმაოდ კარგ ეკონომიკურ თანამშრომლობას ამყარებს ირანთან. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ირანთან საბოლოოდ უნდა აღდგეს პირდაპირი ტრანზაქციები. მსხვილი ინვესტიციის და კაპიტალის შემოსვლა პირდაპირი გადარიცხვების გარეშე ვერ ხდება“, - ამბობს მთვრალაშვილი. მისივე თქმით, სექტემბერში ირანის სავაჭრო პალატის წევრების ვიზიტი იგეგმება და დღის წესრიგში ერთ-ერთი თემა სწორედ აღნიშნული საკითხი იქნება.

მთვრალაშვილის განცხადებით, ირანელი ბიზნესმენების მხრიდან ყველაზე დიდი ინტერესი ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროს მიმართ არის, ასევე აქტუალურია სანავთობო ბიტუმის და სამშენებლო მასალების იმპორტი. როგორც მთვრალაშვილი განმარტავს, ირანიდან ნებისმიერი სახის პროდუქციის იმპორტი შეუფერხებლად ხორციელდება, თუმცა ქართულ კომპანიებს და გადამზიდავებს, ექსპორტის შემთხვევაში, ბიუროკრატიული ბარიერები ხვდებათ.

Subscribe to our news

Get the main news of the day